მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის თიზ-ის თითქმის 100% დატვირთულია - სოსო ნიბლაძე

თიზი

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი პარტნიორი სოსო ნიბლაძე, იმ მასშტაბურ ცვლილებებსა და პროექტებზე საუბრობს, რომლებიც ზონაში ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ განხორციელდა, რაც პროექტში „ზოტი ჰოლდინგი“ (Zoti Holding) შევიდა.

როგორც ნიბლაძე BMG-სთან აცხადებს, ამ პერიოდში თიზ-მა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და არაერთი საერთაშორისო საწარმოო პროექტი მიიზიდა. მათ შორის, მაღალტექნოლოგიური წარმოება ავიაციისა და ავტოინდუსტრიისთვის.

სოსო ნიბლაძის თქმით, თბილისის თავისუფალ ზონაში უკვე ოპერირებს გერმანული კომპანია, რომელიც Boeing-ისა და Airbus-ის ბიზნეს კლასის სავარძლების კომპონენტებს აწარმოებს. გარდა ამისა, დაწყებულია ახალი პროექტი, რომელიც გერმანული ბრენდის, Bosch-ისთვის ჰიდრავლიკური მასალების წარმოებას გულისხმობს.

„ჩვენთან შემოვიდა არაერთი საინტერესო პროექტი. გარდა ავიაციისა და ჰიდრავლიკური მასალებისა, გვაქვს უკრაინული ინვესტიციითა და გერმანელ მეწარმეებთან თანამშრომლობით დაწყებული პროექტი, რომელიც ჰიდროსაიზოლაციო პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ემსახურება“, - აღნიშნა ნიბლაძემ.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის თავისუფალ ზონაში ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპი საგრძნობლად გაიზარდა - აშენდა 12 ახალი კომპლექსი, რომლებიც საწარმოო ხაზებს, გადამმუშავებელ მრეწველობასა და სასაწყობო მეურნეობებს ემსახურება.

„ამ ინფრასტრუქტურის შექმნით ჩვენ უზრუნველვყავით ის აუცილებელი კომფორტი, რამაც უცხოური კომპანიების შემოყვანის პროცესი გააიოლა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი არსებული შენობა-ნაგებობების თითქმის 100% დატვირთულია“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

ამასთან, მიუხედავად წარმატებული პროექტებისა, ნიბლაძე ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო და საგადასახადო პოლიტიკის დახვეწის აუცილებლობაზე. მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს, საჭიროა ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და თიზ-ებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

„არსებობს გარკვეული ტექნიკური შეფერხებები და საგადასახადო პოლიტიკის საკითხები, რომელთა შეცვლაც, ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მუშაობა იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერაციების გამართვას გეგმავენ“, - აღნიშნა თბილისის თავისუფალი ზონის მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები