მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვრივიშვილმა ICAO-ს გენერალურ მდივანთან აფხაზეთის აეროპორტის საკითხი განიხილა

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს ხუან კარლოს სალაზარს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გივი დავითაშვილი, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე და ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური რეგიონის დირექტორი ნიკოლას რალო.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარი საკითხი სოხუმის აეროპორტის უკანონოდ ამოქმედება და აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის დაწყება იყო.

"მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ICAO გააგრძელებს საჭირო ზომების გატარებას ოკუპირებული რეგიონიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის მიზნით. თავის მხრივ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია, როგორც გაეროს სტრუქტურა, მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი და მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე მოხდება. აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენადაც სოხუმის აეროპორტი მდებარეობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, კონტროლი განახორციელოს ფრენების უსაფთხოებასა და საავიაციო უშიშროებაზე, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიმართვის საფუძველზე ICAO-ს ადგილმდებარეობის განსამზღვრელი კოდი სოხუმის აეროპორტისთვის მოხსნილი აქვს", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ICAO - ს ეგიდით რეგიონული და გლობალური ფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე.

1 მაისს რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი ავიარეისი განხორციელდა – ფრენა მოსკოვის “ვნუკოვოს აეროპორტიდან” სოხუმის ახლად აღდგენილი აეროპორტისკენ შესრულდა. 1993 წლის ომის შემდეგ ეს პირველი ფრენაა, რომელიც სოხუმის აეროპორტმა მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები