რატომ ღირს ქართული გასტრონომია ძვირი ? - ეს კითხვა პარლამენტში შექმნილ ფასების კომისიაზე ჯერ არ დასმულა. საკანონმდებლო ორგანოში პროდუქტების მაღალი ფასების გამომწვევ მიზეზებს ჯერ ისევ სწავლობენ და რა დასკვნას დადებენ კანონმდებლები ფინალურ ეტაპზე გამოჩნდება.
რესტორან “ბარბარესთან” გენერალური მენეჯერი გვიხსნის, რომ კერძების ფასებზე რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, მათ შორისაა იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულება, რადგან ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მისი შეფასებით, იმპორტირებული ნედლეული საბოლოო ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამას ანდრია ქურასბედიანის შეფასებით, თანამშრომლებისთვის ანაზღაურების ზრდა და მზარდი კომუნალური გადასახადები ემატება.
“მენიუში კერძების ფასებზე მოქმედებს უშუალოდ ნედლეულის ღირებულება. სამწუხაროდ, ისე არის ხოლმე, რომ გასტრონომიული პროდუქტები, რასაც ჩვენ ვიყენებთ, უმეტესობა არის იმპორტული. როდესაც ვართ იმპორტულ პროდუქტებზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ფასთა სხვაობას იძლევა.
ძალიან კარგი იქნება, რომ მაქსიმალურად ადგილზე იწარმოოს ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი, რაც რა თქმა უნდა, ფასებთან მიმართებით საინტერესო შეღავათს მოგვცემს. როდესაც სხვა ვალუტაში შემოდის და მერე ჩვენ გვიწევს ამის შესყიდვა, ეს დიდ განსხვავებას იძლევა.
ამასთან ერთად ფასზე მოქმედებს ხელფასების ზრდაც, რაც მუდმივია და არ ჩერდება. რაც ჩვენც გვიხარია, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი დასაქმებული რაც უფრო მეტად ბედნიერი და კმაყოფილი იქნება, ჩვენი შესრულებული სამუშაოც მეტად უფრო ხარისხიანი იქნება. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მერე აისახება საბოლოოდ ფასწარმოქმნაშიც.
ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაძვირებულია კომუნალური გადასახადები, რაც ასევე ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენთვის, ბიზნესისთვის. ერთიანად ამ რამდენიმე კომპონენტს მივყავართ იქამდე, რომ ჩვენ გვიწევს ფასის ზრდა და ხშირად მომხმარებლები ამის გამო გვაკრიტიკებენ. მესმის, იმიტომ, რომ კვებაზე გვაქვს საუბარი, რომელიც აუცილებელი ამბავია, მაგრამ სხვა გზა და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს.”-აცხადებს რესტორან “ბარბარესთან” გენერალური მენეჯერი ანდრია ქურასბედიანი.




























