მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს განათლების რეფორმებს? - თამარ სანიკიძე

635a977de7a45
თამთა ჯიჯავაძე
28.10.22 17:40
797
"პროექტი და დასმული ამოცანები დამაიმედებელია რამდენიმე მიზეზის გამო", - ასე აფასებს განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოში მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროგრამას. როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ აღნიშნა, საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმების შემაფერხებელი ფაქტორები პერიოდულად სწორედ რესურსები იყო. ეს პროექტი კი ამ კუთხით ერთგვარი გარანტორია. საუბარია პროექტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო და რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.

„ვიცით, რომ ბევრი რეფორმა განხორციელდა განათლების სამინისტროს მიერ. ზოგი მეტად წარმატებული იყო, ზოგი - ნაკლებად. ცოტა შეფასებითი ნაწილი გვაკლია, რათა ვნახოთ სად გვქონდა დანაკლისი და რამ იმუშავა კარგად. მაგრამ გარკვეული პერიოდულობით ხდება ხოლმე რეფორმების შეფერხება სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორის გამოვყოფდი ყველაზე მნიშვნელოვანს, ეს არის რესურსები - როგორც ფულადი, ასევე ადამიანური. ეს პროექტი, შეიძლება ვთქვათ, რომ არის გარანტია იმისა, რომ რესურსების სიმცირე არ გვექნება ამ გრძელვადიანი ხედვის განხორციელებაში და უზრუნველყოფილი იქნება რეფორმის განხორციელება ამ უწყვეტობის პრინციპზე დაფუძნებით“, - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაფინანსების მექანიზმსაც, რომელიც სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერას კონკრეტული შედეგების მიღების შემდეგ ითვალისწინებს. „ეს არ არის უბრალოდ დონორის დახმარება, რომელიც სამინისტროს მისცემს ფულს და შემდეგ ის განკარგავს და ა.შ. პირველ რიგში, ეს არის სესხი, და თითოეულ დახარჯულ ლარზე პასუხი უნდა ჰქონდეს ყველა ჩართულ პირს. სამუშაო ჯერ უნდა შესრულდეს ამ პროექტის ფარგლებში და თუ ის შესრულდება კვალიფიციურად და იქნება მისაღები, მსოფლიო ბანკი გააკონტროლებს და აწარმოებს მონიტორინგს შესრულებაზე და შემდეგ მიიღებს სახელმწიფო ამ საზღაურს“, - განაცხადა სანიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ ადამიანური კაპიტალის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი განათლებაა, თუმცა პროგრამას განათლების სამინისტრო ჯერ არ გამოხმაურებია. სანიკიძემ უწყების დუმილზეც გააკეთა კომენტარი.

„რაც შეეხება სამინისტროს დუმილს, ძალიან ბევრი ინფორმაცია მიეწოდებათ სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით მასწავლებლებს, დირექტორებს... ზოგიერთი მათგანი არის დამაბნეველი, შეცდომაში შემყვანი. მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება აუცილებლად მიიღებს, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიზაინის ფაზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რომ განხორციელდეს კარგად, რათა კონკრეტული პასუხები ჰქონდეს უკვე სამინისტროს“, - აღნიშნა განათლების ყოფილმა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად ხედავს თამარ სანიკიძე პოლიტიკურ ნებას, რომ პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები განხორციელდეს, განათლების ყოფილმა მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა: „500 მლნ-ის სესხის აღება არის ჩემთვის იმის ინდიკატორი, რომ ვთქვა, რომ არის ნება იმისა, რომ ცვლილებები მოხდეს“.

აღსანიშნავია, რომ ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაფინანსება ჯამში დაახლოებით 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო. აღნიშნული კრედიტი იქნება გამორჩეულია იმით, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები გააგრძელებენ მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოხდება ამ თანხის ანაზღაურება ქვეყნისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები