მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა აქტივებს ფლობს საქართველოს განვითარების ფონდი, რომლის ლიკვიდაციაც იგეგმება

დავით საგანელიძე

საქართველოს მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაციას გეგმავს - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენ კანონპროექტების ჩამონათვალში. აღნიშნულ ფონდს მისი რეორგანიზაციის შემდეგ ბესიკ ბუგიანიშვილის ხელმძღვანელობს, ხოლო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძეა.

ფონდი წლების განმავლობაში - 2023 წლის მაისამდე "საპარტნიორო ფონდის" სახელით ოპერირებდა, თავდაპირველად მის შემადგენლობაში რამდენიმე სისტემური მნიშვნელობის სახელმწიფო კომპანია - "საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", "სახელმწიფო ელექტროსისტემა" და "ესკო" შედიოდნენ. თუმცა ფონდის მრავალ ასეულ მილიონიანი ზარალის, წარუმატებელი და განუხორციელებელი პროექტების ფონზე, მთავრობამ მისი შემადგენლობიდან ჯერ მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების გამოყვანის, შემდეგ კი მისი რეორგანიზების გადაწყვეტილება მიიღო.

ფონდის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული უკანასკნელი ფინანსური ანგარიში 2024 წლის შედეგებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, ფონდის საერთო კაპიტალი 2024 წლის ბოლოს 384.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად მცირედით, დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით შემცირდა. კაპიტალის ძირითადი ნაწილი – 250 მილიონი ლარი – სააქციო კაპიტალს უკავია. გაუნაწილებელი მოგება 178.8 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ფონდის ჯამური ვალდებულებები 2024 წლის ბოლოს 114.3 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა (2023 წელს 153.8 მლნ ლარი). გრძელვადიანი ვალდებულებები 45 მილიონ ლარს მოიცავს, ხოლო მოკლევადიანი - 69.3 მილიონ ლარს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფონდმა 2024 წელი ზარალით დახურა. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, ჯგუფის წმინდა ზარალმა 10.4 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წელს საინვესტიციო ფონდის მოგება 33.1 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფონდის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, კომპანიები რომელთა აქციებსაც ის ამ დრომდე ფლობს, ესენია სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" და "აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონი", რომელიც თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების წარმოებით არის დაკავებული.

2024 წელს ფონდის ჯამურმა საოპერაციო შემოსავალმა 41.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საქართველოს განვითარების ფონდის შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • სასტუმრო ბორჯომი ლიკანი - 15.3 მილიონი ლარი, ზრდა 1.1 მილიონი ლარი;
  • აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონი - 25.5 მილიონი ლარი, ზრდა 13.5 მილიონი ლარი;
  • სხვა სეგმენტებიდან შემოსავალი - 0.5 მილიონი ლარი, კლება 1 მილიონი ლარი.

ფონდის კონსოლიდირებული შემოსავლის ზრდის მიუხედავად, 2024 წელი ფონდმა ზარალით დაასრულა, რაც უკავშირდებოდა აერო სტრუქტურების საწარმო ციკლონის ზარალს. ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს გაზრდილი ხარჯების გამო, ამ მიმართულებით ზარალი დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები