დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე Mastercard-ის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ მიბახმა 2026 წლის მთავარ ტექნოლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა.
CNBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა ახალ მიმართულებას - "აგენტურ კომერციას" (Agentic Commerce), რომელიც, მისი თქმით, რადიკალურად შეცვლის მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენისა და ბიზნესებს შორის ანგარიშსწორების პროცესს.
მიბახის განცხადებით, ციფრული ეკონომიკის სამი მთავარი მამოძრავებელი ძალა უახლოეს პერიოდში სწორედ სტაბილური კრიპტოვალუტები (ე.წ. სტეიბლკოინი), კიბერუსაფრთხოება და ე.წ. აგენტური ხელოვნური ინტელექტი იქნება.
რა არის "აგენტური კომერცია"?
"აგენტური კომერცია" გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტებისა და ვირტუალური ასისტენტების გადაქცევას აქტიურ მყიდველებად. თუ დღეს მომხმარებელი ინფორმაციას ეძებს საძიებო სისტემაში, შემდეგ კი გადადის სხვადასხვა ვებგვერდზე ნივთების შესაძენად, "აგენტური AI" ამ პროცესს ერთ ფანჯარაში აქცევს.
"თუ შევხედავთ მთავარ ტენდენციებს, სტაბილური კრიპტოვალუტები და ციფრული აქტივები ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. კიდევ ერთი მიმართულებაა „აგენტური კომერცია“ (Agentic Commerce). და მესამე, რაც ორივეს კვეთს, არის ციფრული ეკონომიკის უსაფრთხოების ზოგადი საჭიროება. ეს არის სამი დიდი ტენდენცია, რომელიც ახლა მოქმედებს.
აგენტური ხელოვნური ინტელექტი გადახდების სამყაროში , მაგალითად, მომხმარებლის გამოცდილებაში გამოიხატება. თუ გადაწყვეტთ, შეხვიდეთ თქვენს საყვარელ ჩატბოტში და სთხოვოთ: „ვაპირებ ამ მოგზაურობას და მჭირდება შემდეგი ნივთები“, ის მოგცემთ 10 ნივთის სიას, რომელიც გჭირდებათ - ვთქვათ, ლაშქრობისთვის. დღეს თქვენ შეიძლება შეხვიდეთ საძიებო სისტემაში და შემდეგ სხვადასხვა ვებგვერდზე გადახვიდეთ რეკომენდებული ნივთების საყიდლად. "აგენტური კომერციის" სამყაროში კი შეძლებთ პირდაპირ ჩატბოტში გადაიხადოთ და შეიძინოთ", - განმარტა მაიკლ მიბახმა.
Mastercard-ის CEO-ს თქმით, კომპანიის მთავარი როლი ამ ახალ ეკოსისტემაში ნდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ვინაიდან ტრანზაქციები უშუალოდ AI-აგენტების მიერ ან მათი გავლით ხორციელდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები: არის თუ არა ჩატბოტი ნამდვილი? გავლილი აქვს თუ არა მას ვერიფიკაცია?
"ყველა ის სტანდარტი, რაც დღეს Mastercard-ით გადახდისას გარანტირებულად გაქვთ, ჩვენ ჩავაშენეთ აგენტური კომერციის გამოცდილებაში. ეს მიმართულება აუცილებლად გაიზრდება, რადგან მომხმარებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მოსწონთ გამარტივებული ციფრული გამოცდილება," - აღნიშნა მიბახმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ ადრეულ ეტაპზეა, Mastercard-ის ხელმძღვანელი დიდ პოტენციალს ხედავს კორპორაციულ სექტორშიც. მისი პროგნოზით, მომავალში კომპანიის შესყიდვებს ავტონომიური აგენტები განახორციელებენ.
"ჯერ ნამდვილად ადრეულ ეტაპზეა. ვფიქრობ, სამომხმარებლო გადახდების სივრცეში ეს უფრო მალე აკრეფს ტემპს, რადგან მომხმარებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უყვართ ასეთი სიახლეების გამოცდა. ეს კარგი გამოცდილება იქნება. მაგრამ წარმოიდგინეთ კომპანიებს შორის სავაჭრო ნაკადები, მაგალითად, შესყიდვები, როდესაც კომპანიამ რაღაც უნდა იყიდოს თავისი მომწოდებლისგან. მომავალში ამას აგენტები ავტონომიურად გააკეთებენ. და გადახდაც ჩართული იქნება. ანუ, კომპანიისთვის რაღაც რესურსია საყიდელი. ეს ყველაფერი ხდება მაღალავტომატიზებული, „აგენტური კომერციის“ მეშვეობით, სადაც გადახდის ეკოსისტემა და კორპორაციული ეკოსისტემა ერთმანეთს ერწყმის. ვფიქრობ, მომხმარებლები ოდნავ წინ არიან, მაგრამ ბიზნესიც მიჰყვება და ვნახავთ ძალიან მნიშვნელოვან ზრდას", - განაცხადა მიბახმა.
Mastercard-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, 2026 წელი სწორედ ამ ტექნოლოგიების - AI-ზე დაფუძნებული კომერციისა და ციფრული აქტივების მასშტაბური ზრდის წელი იქნება.




























