საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2023 წლის მეოთხე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, იმ კომპანიათა უმეტესობამ, რომლებმაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს საქმიანობაში ხელის შემშლელ ფაქტორად, მარეგულირებელი გარემო მიიჩნიეს ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად, რაც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.
სექტორებს შორის, მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად დასახელდა მომსახურების სექტორში (92%), ხოლო აღნიშნული ფაქტორი ყველაზე ნაკლებად მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორების მიერ სახელდება (50%).
სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული ფაქტორი სექტორებს შორის, ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა (100%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მშენებლობის სექტორში (0%).
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ხელის შემშლელად ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა (75%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში (0%).
ინფორმაციისთვის, ინდექსი PMCG კვლევითმა ცენტრმა გაასაჯაროვა. ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.