ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ერიკ შმიდტმა ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციას $48 მილიონი შესწირა. ეს თანხა დიდი ადრონული კოლაიდერის განვითარებას მოხმარდება, რომელიც ენერგეტიკული ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელია მსოფლიოში.
დიდი ადრონული კოლაიდერი ზეგამტარი მაგნიტებისგან შემდგარი 27-კილომეტრიანი რკალია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მდებარეობს. სწორედ ამ კოლაიდერის წყალობით აღმოაჩინეს მეცნიერებმა "ღმერთის ნაწილაკად" წოდებული ჰიგსის ბოზონი - ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო მიგნებადაა მიჩნეული და გარკვეულწილად, სამყაროს რაობას ხსნის.
ვენდი და ერიკ შმიდტების ფონდიდან მიღებული დონაციით, ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაცია კოლაიდერში ისეთ ალგორითმებს დანერგავს, რომელთა დახმარებით ცდების ანალიზი უფრო ეფექტიანი გახდება, ანუ დასკვნები, რომლებსაც მეცნიერები გააკეთებენ, უფრო ზუსტი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ერიკ შმიდტის დონაციის მიზანი მეცნიერების განვითარება და შესაბამისად, სამყაროს შესახებ კაცობრიობის ცოდნის გაღრმავებაა.
დღეს, ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით წამყვანი კვლევითი დაწესებულებაა მსოფლიოში, მაგრამ იმისთვის, რომ კვლევა გაგრძელდეს, მომდევნო წლებში ახალი, უფრო დიდი კოლაიდერის აშენებაა საჭირო, რისთვისაც ევროპულმა სახელმწიფოებმა $17 მილიარდის ინვესტიცია უნდა განახორციელონ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხზე ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ჯერაც არაფერი არის გადაწყვეტილი, კერძო დონაციები ორგანიზაციისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება.
ელემენტარული ნაწილაკების ახალი ამაჩქარებლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2025 წელს დასრულდება, ხოლო პროექტის დამტკიცებას დამატებით რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, ანუ კოლაიდერის მშენებლობა, შესაძლოა, 2030-იან წლებში დაიწყოს. ამჟამინდელი გეგმის თანახმად, 90 კილომეტრის სიგრძის კოლაიდერი კვლავ საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მოეწყობა. იდენტური იქნება მისი მუშაობის პრინციპიც, მაგრამ თავად ამაჩქარებელი უფრო სწრაფი იქნება, რამაც, შესაძლოა, სამყაროს ყველაზე შეუსწავლელი მიმართულებების - ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის კვლევა დააჩქაროს. სულ მცირე, ასეთია მიზანი, რომელიც ბირთვული კვლევის ევროპულმა ორგანიზაციამ დაისახა.
იმ დროს, როცა ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით ევროპაში ერთგვარი უმოძრაობა შეინიშნება, განსაკუთრებით გააქტიურდა ჩინეთი, რომელსაც საკუთარი კოლაიდერის შექმნა სურს, ანუ საკითხი, რომელიც, წესით და რიგით, ფიზიკის სამყაროს განეკუთვნება, რეალურად, ძალიან დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია. თუ მოხდა ისე, რომ ჩინეთმა ახალი თაობის კოლაიდერი ევროპაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე მალე შექმნა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში დომინანტ ძალად სწორედ ის ჩამოყალიბდება, ანუ სწორედ ჩინეთი იქნება ის ქვეყანა, რომელიც მეცნიერული აღმოჩენებით ყველაზე ადრე იხეირებს.