CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერი 70 წლის გახდა. ეს დაწესებულება, რომელიც ენერგეტიკული ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელია მსოფლიოში, თანამედროვე მეცნიერების საფუძველი და სამყაროს რაობის შესახებ ჩვენი ცოდნის ქვაკუთხედია. დიდი ადრონული კოლაიდერი ზეგამტარი მაგნიტებისგან შემდგარი 27-კილომეტრიანი რკალია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მდებარეობს. სწორედ ამ კოლაიდერის წყალობით აღმოაჩინეს მეცნიერებმა "ღმერთის ნაწილაკად" წოდებული ჰიგსის ბოზონი - ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო მიგნებადაა მიჩნეული და გარკვეულწილად, სამყაროს რაობას ხსნის.
ის, რასაც CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში იკვლევენ, რთული ნაწილაკების ფიზიკის თანრიგს განეკუთვნება, მაგრამ თავად კოლაიდერის მუშაობის პრინციპის ახსნა, საკმაოდ მარტივია. წარმოიდგინეთ 27-კილომეტრის სიგრძის წრიული მილი, რომელიც იმდენად მასშტაბურია, რომ ორი ქვეყნის საზღვრებს ქვეშ მდებარეობს. ამ მილში, მაგნიტური ველების დახმარებით, მეცნიერები პროტონებს და იონებს აჩქარებენ და კონკრეტულ ადგილას ერთმანეთს აჯახებენ, რითაც “დიდი აფეთქების”, ანუ სამყაროს შექმნის ფიზიკური თეორიის პრაქტიკაში გატესტვა კონტროლირებად პირობებში სურთ. მეცნიერებს სჯერათ, რომ ამ გზით, სამყაროს შექმნის შესახებ უტყუარ ინფორმაციას მიიღებენ.
დღეს, ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით წამყვანი კვლევითი დაწესებულებაა მსოფლიოში, მაგრამ იმისთვის, რომ კვლევა გაგრძელდეს და ევროკავშირმა ამ პროცესის ლოკომოტივის როლი შეინარჩუნოს, მომდევნო წლებში ახალი, უფრო დიდი კოლაიდერის აშენებაა საჭირო, რისთვისაც ევროპულმა სახელმწიფოებმა $17 მილიარდის ინვესტიცია უნდა განახორციელონ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხზე ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ჯერაც არაფერი არის გადაწყვეტილი, ორგანიზაცია მზად არის, კარები კერძო ინვესტორებისთვისაც გახსნას.
იმ დროს, როცა ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების მთავრობებს შორის ერთგვარი უმოძრაობა შეინიშნება, განსაკუთრებით გააქტიურდა ჩინეთი, რომელსაც საკუთარი კოლაიდერის შექმნა სურს, ანუ საკითხი, რომელიც, წესით და რიგით, ფიზიკის სამყაროს განეკუთვნება, რეალურად, ძალიან დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია. თუ მოხდა ისე, რომ ჩინეთმა ახალი თაობის კოლაიდერი ევროპაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე მალე შექმნა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში დომინანტ ძალად სწორედ ის ჩამოყალიბდება, ანუ სწორედ ჩინეთი იქნება ის ქვეყანა, რომელიც მეცნიერული აღმოჩენებით ყველაზე ადრე იხეირებს.
ელემენტარული ნაწილაკების ახალი ევროპული ამაჩქარებლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2025 წელს დასრულდება და სწორედ ის დაადგენს, თუ რამდენად რეალურია ახალი, გაცილებით დიდი ადრონული კოლაიდერის შექმნა. პროექტის დამტკიცებას დამატებით რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, ანუ კოლაიდერის მშენებლობა, შესაძლოა, 2030-იან წლებში დაიწყოს. ამჟამინდელი გეგმის თანახმად, 90 კილომეტრის სიგრძის კოლაიდერი კვლავ საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მოეწყობა. იდენტური იქნება მისი მუშაობის პრინციპიც, მაგრამ თავად ამაჩქარებელი უფრო სწრაფი იქნება, რამაც, შესაძლოა, სამყაროს ყველაზე შეუსწავლელი მიმართულებების - ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის კვლევა დააჩქაროს.
თუმცა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განვითარების გარდა, CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერს კაცობრიობა კიდევ ერთ გამოგონებას უნდა უმადლოდეს. ეს გამოგონება ინტერნეტია, რომელიც სწორედაც რომ შვეიცარიაში შეკრებილი მეცნიერების დამსახურებით შეიქმნა. ყველაფერი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა უამრავ ექსპერიმენტში ჩართული CERN-ის მეცნიერები მიხვდნენ, რომ შეგროვებული ინფორმაციის სხვა მეცნიერებისთვის გადაცემის ეფექტიანი საშუალება არ ჰქონდათ.
აღნიშნული პრობლემა ბრიტანელმა კომპიუტერულმა მეცნიერმა, ტიმ ბერნერს-ლიმ გადაჭრა, რომელმაც CERN-ში პირველი ვებსერვერი დააფუძნა, პირველი ვებბრაუზერი WorldWideWeb-ი გააკეთა და ინტერნეტის არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტები, მათ შორის HTML (კომპიუტერული ენა), HTTP (მონაცემების მიმოცვლის პროტოკოლი) და URL (მისამართების სისტემა) შექმნა. ეს ყველაფერი, მარტივად რომ ვთქვათ, ისაა, რასაც დღეს ინტერნეტს ვუწოდებთ. თავდაპირველად, ქსელში მხოლოდ მეცნიერები მონაწილეობდნენ, მაგრამ 1993 წლიდან, ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო გახდა, რამაც კაცობრიობის მოდგმა ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა.