მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის დედამიწის იშვიათი მეტალები და რატომაა მნიშვნელოვანი?

დედამიწის იშვიათი მინერალები

იშვიათ მიწათა მეტალებზე (მიწაელემენტებზე) საერთაშორისო მედია უფრო და უფრო ხშირად საუბრობს. მინერალებზე, რომლებიც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებაში, გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კი ცდილობენ, მარაგების სტაბილურობა უზრუნველყონ.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების გაფორმება სცადა, რომლის ფარგლებშიც კიევი ვაშინგტონს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ რეზერვებზე მისცემდა წვდომას. ტრამპის ხედვით, აღნიშნული გარიგება მისი წინამორბედის, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთ-უკრაინის ომში კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების სამართლიანი კომპენსაცია იქნებოდა.

რა არის დედამიწის იშვიათი მეტალები და რატომაა მნიშვნელოვანი მათი მოპოვება?

იშვიათი მიწამეტალები 17 ელემენტისგან შემდგარი ჯგუფია: 15 თეთრ-ვერცხლისფერი მეტალი, იგივე ლანთანოიდები, სკანდიუმი და იტრიუმი.

იშვიათ მიწათა მეტალები:

  1. სკანდიუმი
  2. იტრიუმი
  3. ლანთანი
  4. ცერიუმი
  5. პრაზეოდიმი
  6. ნეოდიუმი
  7. პრომეთიუმი
  8. სამარიუმი
  9. ევროპიუმი
  10. გადოლინიუმი
  11. ტერბიუმი
  12. დისპროსიუმი
  13. ჰოლმიუმი
  14. ერბიუმი
  15. ტულიუმი
  16. იტერბიუმი
  17. ლუტეტიუმი

სახელწოდების მიუხედავად, იშვიათი მინერალები არც თუ ისე იშვიათია. მეტიც, ზოგიერთი მათგანი უფრო მეტი მოიპოვება, ვიდრე, მაგალითად, ტყვია. თუმცა ისინი დედამიწის ქერქში მცირე რაოდენობებითაა გავრცელებული, ან სხვა მინერალებთანაა შერეული, შესაბამისად, ერთი საბადოდან მეტალების დიდი რაოდენობით მიღება თითქმის შეუძლებელი და ძალიან ძვირია.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სააგენტო USGS-ის ბოლო პუბლიკაციების თანახმად, ეს მინერალთა ის ჯგუფია, რომელიც 200-ზე მეტი პროდუქტის წარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

“დედამიწის იშვიათი ელემენტები აუცილებელი კომპონენტია 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტის წარმოებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიუტი სამომხმარებლო პროდუქტებისთვის, როგორებიცაა მობილური ტელეფონები, კომპიუტერის მყარი დისკები, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები, მონიტორები და ტელევიზორები.. იშვიათი მეტალები აქტიურად გამოიყენება თავდაცვის ინდუსტრიაში, ელექტრონული მონიტორების, სახელმძღვანელო სისტემების, ლაზერების, რადარებისა და სონარების წარმოებაშიც. მართალია, თითოეული პროდუქტის წარმოებაში გამოყენებული მინერალების რაოდენობა შესაძლოა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოც იყოს, თუმცა მათ გარეშე ბევრი ტექნოლოგია საერთოდ ვერ იარსებებდა”, - წერს USGS.

მაგალითად, იტერბიუმი ინფრაწითელი ლაზერების, ბატარეებისა და ბოჭკოვანი ოპტიკის წარმოებისთვის გამოიყენება. ლანტანუმს ასევე ბატარეების, სათვალეებისა და კამერის ლინზების წარმოებისთვის იყენებენ, ისევე როგორც ნავთობის გადამუშავებისთვის. შესაბამისად, მათი დანიშნულება მრავალგვარია.

როგორც BBC-სთან ინტერვიუში მეცნიერი რობერტ მუგა აღნიშნავს, მინერალები 21-ე საუკუნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი საძირკველია. განახლებადი ენერგიის, სამხედრო მასალებისა და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის წარმოებაში ისინი სტრატეგიულ როლს ასრულებენ და გასაკვირი არაა, რომ მათი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობაც იზრდება.

მაგალითად, შეერთებული შტატების შემთხვევაში, მეტად სავარაუდოა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია, უკრაინასთან შეთანხმების გაფორმებით, შეამციროს შტატების ეკონომიკის დამოკიდებულება ჩინეთზე, რომელიც იშვიათი მეტალების გლობალური მარაგების 75%-ს აკონტროლებს. გასული წლის დეკემბერში ჩინეთმა ზოგიერთი იშვიათი მინერალის შეერთებულ შტატებში ექსპორტი აკრძალა, მანამდე კი საექსპორტო რაოდენობები წლების განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული.

რომელი ქვეყნები ფლობენ იშვიათ მიწათა მეტალების მარაგებს?

Statista-ს ინფორმაციით, 2024 წელს დედამიწის იშვიათი მინერალების გლობალური მარაგები 90 მილიონ ტონას აღწევდა, საიდანაც ძირითადი ნაწილი ჩინეთზე მოდის. თავად ჩინეთი არა მხოლოდ მარაგებით, არამედ წარმოებითაც პირველ ადგილზეა. გასულ წელს ქვეყანამ 270 ათასი ტონა იშვიათი მეტალი აწარმოვა, რომლის ძირითადი ნაწილიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი საბადოებიდან მოდის.

ქვეყნები, რომლებიც იშვიათ მიწათა მეტალების ყველაზე დიდ მარაგებს ფლობენ: (2024, Statista, USGS)

  1. ჩინეთი - 44 მლნ ტონა
  2. ბრაზილია - 21 მლნ ტონა
  3. ინდოეთი 6.9 მლნ ტონა
  4. ავსტრალია - 5.7 მლნ ტონა
  5. რუსეთი - 3.8 მლნ ტონა
  6. ვიეტნამი - 3.5 მლნ ტონა
  7. აშშ - 1.9 მლნ ტონა
  8. გრელიანდია - 1.5 მლნ ტონა
  9. ტანზანია - 890 ათასი ტონა
  10. სამხრეთ აფრიკა - 860 ათასი

რა მინერალებს ფლობს უკრაინა?

ტიტანი, ფერადი ლითონები, გაზი - რა ბუნებრივ რესურსებს ფლობს უკრაინა?

სტატისტიკიდან ჩანს, რომ უკრაინა თავისი იშვიათი მინერალებით TOP ათეულში არ ხვდება. კიევის ინფორმაციით, მსოფლიოს “კრიტიკული ნედლეულის” 5%-ზეა უკრაინა პასუხისმგებელი. მათ შორისაა 19 მილიონი ტონა გრაფიტი, რითაც უკრაინა ამ ნედლეულის მწარმოებელ TOP 5 ქვეყანას შორის ხვდება. გრაფიტი ელექტრომობილებისთვის ბატარეების წარმოებისთვის გამოიყენება.

ტიტანის, ლითიუმის, ბერილიუმის, ურანის, ბრინჯაოს, რკინის, თუთიის, ვერცხლის, ნიკელის, კობალტისა და მანგანუმის ევროპაში არსებული მარაგების დიდი ნაწილი სწორედ უკრაინაზე მოდის.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, უკრაინა ევროკავშირს მიერ კრიტიკულად შეფასებული 34 მინერალიდან 22-ს ფლობს. ამასთან, ცნობილია, რომ უკრაინას იშვიათ მიწათა მეტალების მარაგებიც აქვს, თუმცა მათ შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია გაცილებით უფრო მწირია, ვიდრე - მინერალებზე.

Independent-ის თანახმად, იშვიათი მეტალებიდან უკრაინაში მოიპოვება ლანთანუმი და ცერიუმი (ტელევიზორების წარმოება), ნეოდიუმი (ქარის ტურბინები და ბატარეები), ერბიუმი და იტირიუმი. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა კვლევა, რომლის თანახმადაც უკრაინაში სკანდიუმის რეზერვებიც მოიპოვება, თუმცა დეტალური მონაცემები გასაიდუმლოებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები