მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის DeFi და ჩაანაცვლებს თუ არა ის ბანკებს?

6204c6d327b92
თათია კაკიაშვილი
11.02.22 00:00
2218

DeFi - ანუ დეცენტრალიზებული ფინანსები კიდევ ერთი ახალი სიტყვაა თანამედროვე ლექსიკონში, რომელიც კრიპტოვალუტასთან, NFT-სთან, ბლოკჩეინთან და მეტავერსთან იკვეთება. დღეს, როცა ფინანსური ტრანზაქციების დიდი ნაწილი ციფრულად სრულდება, ლოგიკურია, რომ სულ მალე ციფრული ფინანსები დეცენტრალიზებული გზით განვითარდეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ DeFi-ს სისტემა ბანკების და ტრადიციულ ფინანსურ საჭიროებებს მოხსნის. ყოველ შემთხვევაში, ამას პროგნოზირებენ სფეროს სპეციალისტები. თუმცა, სრული სურათის დასანახად, საჭიროა კრიპტოლოგიის წარმოშობის გახსენება:

დასაწყისში, ანუ 2008 წელს, შეიქმნა ბიტკოინი, რომლის მიზანიც ეტაპობრივად საბანკო სისტემის ჩანაცვლება იყო. მისი შექმნიდან 13 წლის შემდეგ, ბიტკოინის საფუძველზე კიდევ სხვა 8000-მდე კრიპტო დაიბადა და გაერთიანდა კრიპტოსაფულეებში, კრიპტოვალუტის ბირჟებზე, NFT ბაზრებსა და დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებში. ერთ-ერთი მორიგი ციფრული ფული, რომელიც ბიტკოინის მიღმა განვითარდა, ეთერიუმია, რომელიც 2015 წლიდან ჩაეშვა კრიპტობრუნვაში. კრიპტოვალუტის ამ სახეობამ გააფართოვა ბლოკჩეინის გამოყენება მარტივი გადახდის სისტემის მიღმა და დეველოპერებს მის შესანახად საჭირო პროგრამების შექმნის შესაძლებლობა მისცა, რომელსაც ე.წ. “ჭკვიანი კონტრაქტები” ეწოდა. რას ნიშნავს ეს?

ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც რეალურ სამყაროში იდება, იქნება ეს იპოთეკური სესხისთვის, ან აქციებით ან ობლიგაციებით ვაჭრობისთვის საჭირო, გარკვეულ წესებს ეფუძნება. ასეთივე წესები მოქმედებს კრიპტოს შემთხვევაში, ოღონდ - აქ საქმე კოდირებებთანაა. სწორედ ამას გულისხმობს “ჭკვიანი კონტრაქტები” - რომ რიგი პროცესები კოდირებების მიხედვით შესრულდეს. ამისათვის კი საჭიროა, მომხმარებელს ბლოკჩეინზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ დგას ტრადიციული ფინანსური სისტემის DeFi-თ შეცვლის საჭიროება? იმიტომ, რომ მას რამდენიმე უპირატესობა აქვს.

პირველი და მთავარი მიზეზი - ეფექტიანობაა. რიგი პროცესების შესასრულებლად მესამე პირის ჩართულობა საჭირო აღარაა, შესაბამისად, ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია გაცილებით უფრო ელასტიური და მომხმარებელზე მორგებულია. მეორე უპირატესობა მისი დაბალხარჯიანობაა. DeFi-თ სარგებლობის შემთხვევაში, დამატებითი გადასახადები იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ტრადიციული საბანკო მომსახურების დროს ხდება. კიდევ ერთი მიზეზი, DeFi-ს “დემოკრატიულობაა” - რაც ნიშნავს, რომ ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომისთვის მომხმარებელს სულაც არ სჭირდება საბანკო ანგარიში, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა.

დაბოლოს - რისი გაკეთებაა DeFi-ის მეშვეობით შესაძლებელი? ამ გზით მომხმარებელს რეალურად ყველა ფუნქციაზე აქვს წვდომა, რაც კრიპტომონეტების გამოყენებით სრულდება. უფრო ზუსტად, მომხმარებელს შეუძლია, აიღოს სესხი, გაიაქტიუროს დაზღვევა, ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ან საქველმოქმედო საქმიანობაში, ასევე, დააგროვოს თანხა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მას თან ახლავს რამდენიმე მნიშვნელოვანი რისკი: პირველი არის შეცდომები ე.წ. “ჭკვიან კონტრაქტებში”, რომლებიც სხვადასხვა ტრანზაქციის დროს შესაძლოა, განმეორდეს. ამიტომ კოდირების შექმნისას საჭიროა მეტისმეტი ყურადღება და დაკვირვება. მეორე საფრთხე ჰაკერებს უკავშირდებათ, რომლებსაც შეუძლიათ, კოდები ნებისმიერ დროს გატეხონ და საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენონ. მესამე რისკი კი კრიპტოვალუტების ცვალებადობაა.

ასეთია DeFi-ს ანუ დეცენტრალიზებული ფინანსების სპეციფიკა. ახლა მომხმარებელზეა დამოკიდებული, ტრადიციულ საბანკო ოპერაციებს მიმართავს თუ თანამედროვე ინოვაციებს აუწყობს ფეხს.

სტატია მომზადებულია "ევრონიუსის" მასალაზე დაყრდნობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები