მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ბიტკოინი და როგორ მუშაობს ის?

რა-არის-ბიტკოინი

ციფრული ფინანსების სფეროში ბიტკოინი არც თუ ისე ახალი, მაგრამ კვლავ განხილვადი და აქტუალური საკითხია. ამ ციფრულმა ვალუტამ არა მხოლოდ ტექნოლოგიების მოყვარულებში გააჩინა ინტერესი, არამედ მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული ტრადიციული ფინანსური სისტემები.

რა არის ბიტკოინი?

შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინი მსოფლიოში პირველი წარმატებული დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა და გადახდის სისტემაა. მისი ისტორია კი 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე იწყება, რადგან სწორედ ამ წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მისი მუშაობის პრინციპები. დღემდე უცნობია თუ ვინ იდგა ამ რევოლუციური ამბის უკან, იყო ერთი ინდივიდი თუ ადამიანთა ჯგუფი, თუმცა იდეის ავტორი სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმითაა ცნობილი.

ბიტკოინი აღიქმება, როგორც დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, რაც იმგვარ ფართოდ გავრცელებულ სისტემას გულისხმობს, რომელსაც ერთიანი, ცენტრალიზებული მდებარეობა ან უფლებამოსილი მაკონტროლებელი სტრუქტურა არ გააჩნია. მართლაც, ბიტკოინის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ - მსგავსად სხვა მრავალი კრიპტოვალუტისა - მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფას საჭიროებს, რაც დამოკიდებული არ არის ისეთ სუბიექტებზე, როგორებიცაა ბანკები ან მთავრობები.

რა არის ბლოკჩეინი?

2008 წელს გამოქვეყნებული ბიტკოინის პროტოკოლი ციფრული ვალუტის ჩარჩოს ასახავდა, რომელიც ბლოკჩეინს ეყრდნობოდა. ბლოკჩეინი დამოუკიდებელი და გადანაწილებული მონაცემთა ბაზაა, რომელიც კომპიუტერულ ქსელში ყველა ტრანზაქციას აღრიცხავს. ამ სისტემას ხშირად შემდეგნაირად აღწერენ: მონაცემთა ჯაჭვის თითოეული ბლოკი შეიცავს ტრანზაქციების ჩამონათვალსა და მათ შესახებ ინფორმაციას. განახლებადი მონაცემთა ბაზა ჯაჭვის სტრუქტურის მუდმივ ზრდას განაპირობებს და ყოველი ახალი ნაწილი წინას უკავშირდება.

როგორც აღინიშნა ბლოკჩეინი მცირე ზომის ბლოკებისაგან შედგება, რომლებიც თითოეული ტრანზაქციის შესახებ ისეთ დეტალებს შეიცავს, როგორებიცაა: თარიღი და დრო, მთლიანი ღირებულება, მყიდველი და გამყიდველი, უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. ჩანაწერები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული, რაც ციფრულ ჯაჭვს ქმნის.

სისტემაში არსებული მონაცემები მაქსიმალურად გამჭვირვალეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი ახალი ინფორმაცია ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან წააგავს Google Doc-ის მუშაობის პრინციპს - არსებობს თეთრი ქაღალდი, რომელზე მუშაობა და წვლილის შეტანა ნებისმიერს შეუძლია, იგულისხმება ის წევრები, რომელთაც ფაილზე წვდომა აქვთ.

შესაძლოა, იდეა, რომ ბლოკჩეინის რედაქტირება ყველა წევრს შეუძლია სარისკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ეს ფაქტორი ხდის მას მეტად სანდოსა და უსაფრთხოს. იმისათვის, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინს ახალი ტრანზაქციის ბლოკი დაემატოს, ის უნდა დადასტურდეს ყველა მფლობელის მიერ. დამოწმების პროცესი უნიკალური კოდების საფუძველზე ხდება, რომლებიც გრძელი და შემთხვევითი რიცხვებისაგან შედგება, რაც თაღლითურ ქმედებას კიდევ უფრო ართულებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბლოკჩეინი კიბერშეტევებისაგან მაქსიმალურად დაცულია.

ბიტკოინის სანდოობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მისი, როგორც ტრადიციული ვალუტის ალტერნატიული და თანამედროვე ფორმის მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზარდა. შედეგად დროთა განმავლობაში ამ კრიპტოვალუტამ მიიპყრო, როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების, ისე ინვესტორების ყურადღება.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი 15 წლის წინ შეიქმნა, მის შესახებ დღემდე ბევრი კითხვა არსებობს, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ჩვენ მოგაწვდით.

როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი?

თუკი კრიპტოვალუტის სამყაროში ჯერ დამწყები ხართ და გაინტერესებთ როგორ შეგიძლიათ ბიტკოინის ყიდვა, გახსოვდეთ, რომ თავდაპირველად აუცილებელია სრულად გესმოდეთ რა არის ბიტკოინი და როგორ მუშაობს ის. ამის შემდეგ, პირველი ნაბიჯი ციფრული საფულის შექმნაა. საფულე უსაფრთხო სივრცეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინახოთ, გაგზავნოთ და მიიღოთ ბიტკოინები.

ბიტკოინის შესაძენად უნდა გამოიყენოთ კრიპტოვალუტის ბირჟა, რომლის შერჩევის დროსაც სხვადასხვა მახასიათებლებია მნიშვნელოვანი, მაგალითად, საფასური, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომი ფუნქციები და ა.შ.

მისი შეძენა შესაძლებელია კრიპტოვალუტის მრავალ ბირჟაზე, მაგალითად, Coinbase, Binance და Kraken. ამასთანავე, კრიპტოვალუტა ხელმისაწვდომია ბიტკოინის ბანკომატების მეშვეობითაც. პირადი ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, ტრადიციული ვალუტით, იგულისხმება აშშ დოლარი, ევრო ან სხვა, ბიტკოინის შესაძენად შეკვეთის გაკეთებაა შესაძლებელი.

იმაზე პასუხის გაცემა თუ რა ღირს ერთი ბიტკოინი ძალიან რთულია, რადგან კრიპტოვალუტები ცვალებადი კურსით ხასიათდება. შესაბამისად, ღირებულებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი რყევები განიცადოს მოკლე პერიოდში და ფასი ყოველდღიურად შეიცვალოს.

როგორ გამოვიმუშაოთ ბიტკოინი?

გარდა ვალუტით ყიდვისა, ბიტკოინის დაგროვების რამდენიმე გზა არსებობს. ყველაზე ძველი მეთოდი მაინინგია, რაც რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნას გულისხმობს. იგულისხმება, რომ მაინინგის ქსელში ჩართული კომპიუტერები ამოცანების გადაჭრისათვის კრიპტოვალუტით ჯილდოვდებიან.

ბოლო დროს მეტად პოპულარულია ისეთი ვებსაიტები და აპლიკაციები, რომლებიც მარტივი ამოცანების შესრულების ხარჯზე ბიტკოინების დაგროვების შესაძლებლობას იძლევა. იგულისხმება რეკლამის ან ვიდეოს ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა მინიმალურია, მაინც კარგი შესაძლებლობაა ამ სამყაროში შესაბიჯებლად. ამასთანავე, ბევრი პლატფორმა ანაზღაურების ბიტკოინში აღების შესაძლებლობას იძლევა, მაგალითად, ასეთი ვებსაიტებია Upwork და Freelancer.

ბიტკოინების შეგროვება შეგიძლიათ ისეთი დავალების შესრულებითაც, როგორიცაა ფასიან გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება. ზოგიერთი პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს ბაზრის კვლევაში ჩართვას სწორედ ბიტკოინის სანაცვლოდ.

როგორ გავანაღდოთ კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტის განაღდება აქტივების ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლას გულისხმობს. ამისათვის კი რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად, განაღდების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი კრიპტო ბირჟების გამოყენებაა. აქ შესაძლებლობა გაქვს იყიდოთ, გაყიდოთ, გაცვალოთ და ციფრული აქტივები თქვენთვის სასურველ საბანკო ბარათზე გადაიტანოთ.

P2P პლატფორმები კი ბიტკოინის პირდაპირი ყიდვა გაყიდვისათვის გამოიყენება. გამყიდველსა და მყიდველს აქვთ შესაძლებლობა პირდაპირ პლატფორმაზე დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მოილაპარაკონ პირობებზე და მივიდნენ შეთანხმებამდე, რაც მესამე მხარის ე.წ შუამავლის არსებობას გამორიცხავს. ამგვარი პრინციპი კი მხარეებს საკუთარი თანხისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესაძლებობას აძლევს. P2P პლატფორმები გადახდის სხვადასხვა მეთოდს აერთიანებს, მათ შორის საბანკო გადარიცხვებს, ნაღდ ანგარიშსწორებას, ონლაინ გადახდის სისტემებსა და სხვა.

გასანაღდებლად ბიტკოინის ბანკომატების გამოყენებაც შეგიძლიათ. ამ ფიზიკური მოწყობილობის დახმარებით კრიპტოვალუტის სახელმწიფო ვალუტაში გადაკონვერტირება შეგიძლიათ, მაგალითად, თუ ბიტკოინი საქართველოში უნდა გაანაღდოთ, მას ლარში გადაცვლით. ბანკომატის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია აქტივების განაღდება ან ანგარიშზე გადატანა.

ტრადიციული საფინანსო სისტემა მეტად მერყევი და არასტაბილურია. ამის ფონზე კი ბიტკოინების მზარდ და განვითარებად ქსელს სულ უფრო და უფრო მეტი ინდივიდი თუ ინვესტორთა ჯგუფი უერთდება.

ინვესტირებამდე მნიშვნელოვანია შეარჩიოთ მაღალი რეპუტაციის მქონე და უსაფრთხო კრიპტოვალუტის ბირჟები. ამასთანავე, იყავით ინფორმირებული ქვეყანაში არსებული მარეგულირებელი ნორმების შესახებ და განსაზღვრეთ თქვენი მიზნები - ეძებთ გრძელვადიან ინვესტიციას, რაც ბიტკოინის შენარჩუნებას რამდენიმე წლის განმავლობაში გულისხმობს, თუ დაინტერესებული ხართ მოკლევადიანი სავაჭრო შესაძლებლობებით.

როგორია ბიტკოინის მომავალი?

მომდევნო ათწლეულმა შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ბიტკოინისა და ფინანსური სისტემების ევოლუციაში. ყოველდღიური ტრანზაქციებისათვის ბიტკოინის ფართო გამოყენება შესაძლოა რეალობად იქცეს. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება ამ კრიპტოვალუტის შესახებ და რაც უფრო მეტი ადამიანია ტექნოლოგიებთან დაახლოებული, მით უფრო შესაძლებელი ხდება ბიტკოინის ინტეგრირება ყოველდღიური ცხოვრების ფინანსურ ასპექტებში.

როგორც აღინიშნა, ბიტკოინს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ტრადიციული ფინანსური ლანდშაფტის შეცვლაში. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტები ფართოდ გავრცელდება, მაშინ

ჩვეულებრივი საბანკო სისტემები დიდი გამოწვევის წინაშე დადგება. ეს იმიტომ, რომ ბიტკოინი დეცენტრალიზებულ, მეტად ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებს გთავაზობთ.

ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასი რეალურ დროში შეგიძლიათ იხილოთ bm.ge-ის ვებვერდზე.

სტატიის ავტორია: სალომე სუხიტაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები