მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ინვესტიცია? - ყველაფერი ფულის დაბანდების შესახებ

ინვესტიცია

ფინანსური კეთილდღეობის მოპოვება და შენარჩუნება თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ მიზნის მისაღწევად, ფულის ინვესტიცია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური გზაა. ეს იმიტომ, რომ ფულის დაბანდება დროთა განმავლობაში კაპიტალის ზრდისა და სტაბილურობის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. თავდაპირველად შესაძლოა ინვესტიცია რთულ და დაუძლეველ საქმიანობად მოგეჩვენოთ, თუმცა სწორი ინფორმაციითა და მიდგომით, ნებისმიერ თქვენგანს აქვს შანსი, წარმატებული ინვესტორი გახდეს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში განხილული საკითხები დამწყებ ინვესტორებს მოგაწვდით საბაზისო ინფორმაციას, რომელიც ამ ახალ სივრცეში პირველ ნაბიჯების გადადგმას მეტად გაგიმარტივებთ.

ინვესტიცია და მისი არსი

ინვესტირება, თავისი არსით, პროცესია, რომლის დროსაც სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში კაპიტალის დაბანდება ხდება. ამის მიზანი კი სამომავლო მოგების მიღებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინვესტირება გულისხმობს დღევანდელი რესურსების ხარჯვას უკეთესი ფინანსური მომავლის შესაქმნელად.

ინვესტორები ყიდულობენ ისეთ აქტივებს, როგორებიცაა აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება ან სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტები, იმ იმედით, რომ მათი ღირებულება დროთა განმავლობაში გაიზრდება და დივიდენდების ან პროცენტების სახით რეგულარულ შემოსავალს მოიტანს.

ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალის ზრდაა. წარმატებული ინვესტიციის განხორციელებით, ინვესტორს შეუძლია, არა მხოლოდ დაიცვას თავისი ფინანსები ინფლაციისგან, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი ქონება. ინვესტირების ძალა განსაკუთრებით თვალსაჩინოა გრძელვადიან პერიოდში, რადგან რეინვესტირებული მოგება პროცენტზე პროცენტის ეფექტს იძლევა, რაც, თავის მხრივ, თოვლის გუნდის პრინციპის მიხედვით კაპიტალის ზრდას იწვევს.

თუმცა, ინვესტიცია რისკსაც გულისხმობს. ინვესტორებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოტენციურ მოგებასთან ერთად კაპიტალის დაკარგვის საშიშროებაც არსებობს. სწორედ ამიტომ, წარმატებული ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი გასაღები რისკისა და მოგების ოპტიმალური ბალანსის პოვნაა. მხოლოდ რისკისა და პოტენციური მოგების სწორი გაანალიზებითა და განაწილებითაა შესაძლებელი გრძელვადიანი ინვესტიციის წარმატების უზრუნველყოფა.

ინვესტიციის სახეები

დღეს მრავალი არჩევანი არსებობს იმის მიხედვით, თუ რომელ საინვესტიციო ინსტრუმენტში გსურთ საკუთარი კაპიტალის განთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტირების დაწყებამდე ამ ყველა ტიპს კარგად იცნობდეთ, მათი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების გააზრება და საკუთარი საინვესტიციო მიზნების შესაბამისად პორტფელის შექმნა კი წარმატებული საქმიანობის წინაპირობაა. მეტი ინფორმაციისათვის ინვესტიციის ძირითადი ტიპები განვიხილოთ.

აქციები

აქციები კომპანიის საკუთრების წილს წარმოადგენს. აქციების შეძენით, ინვესტორი კომპანიის თანამესაკუთრე ხდება და იძენს უფლებას მიიღოს დივიდენდები და წვლილი შეიტანოს კომპანიის მმართველობის პროცესში. აქციებით ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს და მისი ღირებულება კომპანიის წარმატებასა და ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ობლიგაციები

ობლიგაციები სავალო ფასიანი ქაღალდებია. იგულისხმება, რომ ინვესტირების ამ მეთოდის შემთხვევაში ინვესტორი კომპანიას ან სახელმწიფოს გარკვეული პერიოდით თანხას ასესხებს, სანაცვლოდ კი პროცენტს მიიღებს. აქციებში ინვესტირებასთან შედარებით, ობლიგაციები უფრო დაბალრისკიან ინვესტიციად მიიჩნევა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი პოტენციური მოგებაც უფრო დაბალია

საინვესტიციო ფონდები

საინვესტიციო ფონდები ინვესტორს საშუალებას აძლევს აქტივების დივერსიფიცირებული პორტფელი ერთი ტრანზაქციით შეიძინოს. ფონდები იმართება პროფესიონალი ინვესტორების მიერ და მათი მიზანი დივერსიფიკაციისათვის მოსახერხებელი და ეფექტური გარემოს შექმნაა.

უძრავი ქონება

ისეთი უძრავი ქონების შეძენა, როგორებიცაა საცხოვრებელი სახლები, ბინები, კომერციული ფართები, ინვესტიციის კიდევ ერთი გავრცელებული ფორმაა. უძრავი ქონებაში თანხის დაბანდების შემთხვევაში, მოგების მიღება ქონების გაქირავებით ან დროთა განმავლობაში მისი ღირებულების ზრდითაა შესაძლებელი.

ალტერნატიული ინვესტიციები

ალტერნატიულ ინვესტიციებს ისეთი აქტივები მიეკუთვნება, როგორიცაა ძვირფასეულობა (ოქრო, ვერცხლი), ხელოვნების ნიმუშები და უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული კრიპტოვალუტები. მართალია, ეს ინვესტიციები მაღალი რისკით გამოირჩევა, თუმცა მაღალი მოგება ახასიათებს.

ინვესტირების დაწყებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები

სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინოთ, რათა დაბანდება წარმატებული აღმოჩნდეს და თქვენს ფინანსურ მიზნებს შეესაბამებოდეს.

უპირველეს ყოვლისა, მკაფიოდ უნდა გქონდეთ ჩამოყალიბებული, თუ რისთვის ახორციელებთ ინვესტიციას. თქვენი მიზანი შეიძლება იყოს თანხის დაგროვება, შვილების განათლებისთვის მომზადება, ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა და ა.შ. მიზნების განსაზღვრა თქვენთვის შესაფერისი საინვესტიციო სტრატეგიისა და აქტივების შერჩევაში დაგეხმარებათ.

ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკის აღქმა და მისი ამტანობა ინდივიდუალურია. ზოგიერთი ინვესტორი პოტენციურად მაღალი მოგების მიღების სანაცვლოდ, თავს კომფორტულად მაღალი რისკის პირობებში გრძნობს, მაშინ როდესაც სხვები უფრო სტაბილურ მიდგომას ამჯობინებენ. საკუთარი რისკის ამტანობის განსაზღვრა თქვენთვის შესაფერისი ინვესტიციის ტიპების შერჩევაში დაგეხმარებათ.

ინვესტირების დაწყებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა თანხის ინვესტირებას გეგმავთ. გამოყოფილი თანხა უნდა იყოს ის, რაც არ დაგჭირდებათ ყოველდღიური ხარჯებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის. ასევე, განსაზღვრეთ, ერთჯერად თუ მრავალჯერად ინვესტირებას გეგმავთ.

ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკები

ეს პროცესი ყოველთვის გარკვეულ რისკებს გულისხმობს. რისკების გაცნობიერება და მათი ეფექტური მართვა კი წარმატებული ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

ფინანსური ბაზრები არაპროგნოზირებადი რყევებით ხასიათდება, რაც მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური მოვლენები და სხვა. ბაზრის რყევებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი ინვესტიციის ღირებულება, განსაკუთრებით კი მოკლევადიან პერსპექტივაში.

ინფლაცია, ანუ ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირება დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინვესტიციის რეალურ უკუგებაზე. თუ ინვესტიციის მოგება ინფლაციის ტემპს ვერ ასწრებს, მაშინ ის უარყოფითი უკუგებით ხასიათდება.

სამწუხაროდ, ინვესტირების სამყაროშიც არსებობენ თაღლითები და არაკეთილსინდისიერი აქტორები, რომლებიც მოტყუებით თქვენი ფულის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიძინეთ მიმზიდველი და არარეალისტური დაპირებების მიმართ.

მიდგომები, რომლებიც რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ

მიუხედავად იმისა, რომ რისკის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, არსებობს სტრატეგიები მისი მინიმიზაციისთვის. მაგალითად:

დივერსიფიკაცია - ინვესტიციების განაწილება სხვადასხვა ტიპის აქტივებსა და სექტორებში, რათა ერთი აქტივის ან სექტორის ჩავარდნის შემთხვევაში, ზარალი სხვა ინვესტიციებით დაბალანსდეს. აქციების, ობლიგაციების, უძრავი ქონებისა თუ ალტერნატიული ინვესტიციების მეშვეობით დივერსიფიკაცია დღემდე რისკის მართვის ფუნდამენტურ ინსტრუმენტად რჩება.

გრძელვადიანი და რეგულარული ინვესტირება - ხანგრძლივ პერიოდში ფინანსური ბაზრები, როგორც წესი, ზრდის ტენდენციას ავლენს. გრძელვადიანი ინვესტიცია ბაზრის მოკლევადიანი რყევების ზეგავლენას მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთანავე, ნაცვლად იმისა, რომ ბაზარზე შესვლის საუკეთესო მომენტის ამოცნობა სცადოთ, უმჯობესია, ინვესტიცია ნაწილ-ნაწილ განახორციელოთ და მას რეგულარული სახე მისცეთ.

ფუნდამენტური ანალიზი - კომპანიის ან ფასიანი ქაღალდის ღირებულების შეფასების მეთოდს წარმოადგენს. ეს მიდგომა როგორც აქციების, ასევე ობლიგაციებისა და სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების შესაფასებლად გამოიყენება. ფუნდამენტური ანალიზის მთავარი მიზანი აქტივის რეალური ან ხარისხობრივი ღირებულების განსაზღვრა და მიმდინარე საბაზრო ფასთან შედარებაა. შედეგად კი, ირკვევა აქტივი ადეკვატურადაა შეფასებული თუ - არა.

რისკის ტოლერანტობის განსაზღვრა - ეს მიდგომა აფასებს ინვესტორის მზაობას, მიიღოს ფინანსური დანაკარგი პოტენციურად უფრო მაღალი უკუგების სანაცვლოდ. ეს არის პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ასახავს ინვესტორის დამოკიდებულებას რისკისადმი და განსაზღვრავს, თუ როგორი ტიპის ინვესტიციები შეესაბამება მის ხასიათს. რისკის ტოლერანტობის სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანია ინვესტორის ფინანსური მიზნების მისაღწევად და ემოციური სტრესის მინიმიზაციისთვის.

ჰეჯირების სტრატეგიები - ჰეჯირების სტრატეგიები ინვესტორებს პოტენციური დანაკარგისაგან იცავს. შესაძლოა ეს დანაკარგები სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად ფასების, საპროცენტო განაკვეთების ან სავალუტო მერყეობის. ჰეჯირების ერთ-ერთი სტრატეგია ფორვარდულ ხელშეკრულებებს გულისხმობს. ეს არის შეთანხმება ორ მხარეს შორის, რომ მომავალში აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად იყიდონ ან გაყიდონ. მაგალითად, კომპანიას, რომელიც საქონელს საზღვარგარეთ აწარმოებს, შეუძლია გამოიყენოს ფორვარდული ხელშეკრულება ლოკალური ვალუტის გაუფასურების რისკის შესამცირებლად. მართალია, ჰეჯირების სტრატეგიები თქვენს მიერ გაღებულ ინვესტიციას მნიშვნელოვნად აზღვევს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა ამ მიდგომამ პოტენციური მოგება მნიშვნელოვნად შეზღუდოს.

დაბოლოს, წარმატებული ინვესტირება უწყვეტი სწავლისა და განვითარების პროცესია. ფინანსური ბაზრები და ეკონომიკური გარემო მუდმივად იცვლება, ამიტომ ინვესტორმა რეგულარულად უნდა განაახლოს ცოდნა, გაეცნოს ახალ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს. ეს კი როგორც მომავალ ინვესტორს, დაგეხმარებათ, რომ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, შეეგუოთ ცვალებად გარემოს და მაქსიმალურად გამოიყენოთ საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესსექტორში მიმდინარე ახალი ამბები კი შეგიძლიათ BMG-ის პლატფორმებზე შეიტყოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები