მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის "კიბერგუმბათი", რომლის შექმნაზეც გერმანია და ისრაელი შეთანხმდნენ?

გერმანია და ისრაელი

გერმანიამ და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორ მოკავშირე ქვეყანას შორის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

აღნიშნული დოკუმენტის საკვანძო ნაწილი არის ის, რომ მხარეები გერმანიისთვის “კიბერგუმბათის” შექმნაზე ერთად იმუშავებენ. საუბარია ისეთი ავტომატიზებული სისტემის შექმნაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოებასა და დრონების შემოტევებს დამოუკიდებლად აღმოაჩენს და გაანეიტრალებს. სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომელსაც ხელი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინტმა და ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოაწერეს ხელი, ოფიციალურ ბერლინს მისცემს საშუალებას, ადგილობრივ დონეზე დანერგოს გლობალურად აღიარებული ის ტექნოლოგია, რომელსაც ისრაელი წლებია ავითარებს. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის დადებული პაქტი კონტრტერორიზმის კუთხით მუშაობის გაძლიერებასაც მოიცავს.

როგორც ცნობილი ხდება, “კიბერგუმბათი” გერმანიის რამდენიმე კიბერ-სააგენტოს დააკავშირებს და მათ ერთობლივ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მათ შორის, საუბარია ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურ ოფისზე და ფედერალურ კრიმინალურ პოლიციაზე. ასევე შესაბამის სფეროში მომუშავე კვლევით ინსტიტუტებზე და კერძო სექტორში წარმოდგენილ კომპანიებზე, რომლებიც ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, საჯარო ადმინისტრირებისა და ტრანსპორტირების მიმართულებაზე მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, ახალი ერთობლივი ქსელი მკვეთრად შეამცირებს კიბერშეტევებსა და დრონებისგან მომავალ საფრთხეზე რეაგირების დროს, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეებს სულ უფრო ხშირად არღვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები