„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოს სტარტაპ-მიზიდულობის ცენტრად ქცევისთვის, ამ სფეროში აქესელერაციის პროგრამების ნაწილში კონკურენტული გარემოს შექმნა და მეტი საერთო სამუშაო სივრცის შექმნაა საჭირო. ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ ისაუბრა.
„ყველაზე კარგი იქნება, რომ ბაზარზე სხვა მოთამაშეები გაჩნდნენ და კონკურენცია წამოვიდეს. 500 სტარტაპისა და "საქართველოს ბანკის" გარდა იყვნენ აქსელერატორები თავისი ფონდებით, წამოვიდეს კონკურენცია. მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში იყოს, აუცილებლად რამდენიმე მოთამაშით უნდა შეიქმნას. ერთი მოთამაშით ეს არ გამოვა, აუცილებლად რამდენიმე მოთამაშეა საჭირო. ჩემთვის ყველაზე სასურველია, რომ ეს პროფესიონალურად მოხდეს - იყოს პროფესიონალური ვენჩურული კაპიტალის ფონდები, რომლებიც პროფესიონალების მიერ იმართება. არის ბევრი კომპანია, მათ შორის რეგიონული, რომელსაც ბიზნესის აქედან კეთება უნდათ. მგონია, რომ ეს ყველაფერი 4 წელიწადში გაკეთებადია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია - საერთო სივრცეების შექმნაა, სადაც სტარტაპერები ერთად იმუშავებენ. ამ მხრივ ვიცი, რომ ბაზარზე რამდენიმე მოთამაშეა, რომელიც ასეთი სივრცეების შექმნას აპირებს და შეიძლება კიდევ სხვა სივრცეებიც გაკეთდეს, სადაც აქსელერატორი განთავსდება. 3-4-კაციან სტარტაპებს სხვა სტარტაპებთან ურთიერთობის საჭიროება აქვთ, ამიტომ მგონია, ასეთი სივრცეების შექმნა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება. მხარეებს შორის დამატებითი, 4 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება.