მედპერსონალის კლინიკაში მყისიერად დაბრუნება და ახალი ვაკანსიების გამოცხადება - რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსის ნინო ოთარიშვილის თქმით, ეს ორი პირობაა საჭირო, რათა რესპუბლიკური საავადმყოფოს ფუნქციონირება სრულად აღდგეს.
ნინო ოთარიშვილი BMG-სთან ამბობს, რომ უმცროსი და საშუალო მედპერსონალის გადინების გამო, კლინიკის რეანიმაციული და მიმღები განყოფილებები ვერ ფუნქციონირებს.
"ამ ეტაპზე პრობლემაა რეანიმაციის და მიმღების განყოფილებები. სხვა, ყველა განყოფილება სრული დატვირთვით ახერხებს მუშაობას. ეს ორი კი, მარტის განმავლობაში ფაქტობრივად გაჩერებულია. მიზეზი გახლავთ საშუალო და უმცროსი მედპერსონალის გადინება ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაციების შეთავაზების შემდეგ, როცა კლინიკის მიზანმიმართული დაშლა მიმდინარეობდა.
ამ ეტაპზე, შეთავაზების ფარგლებში, რომ თანხას დააბრუნებენ და სამუშაო ადგილზე დაბრუნდებიან კლინიკაში სამუშაოს გაგრძელების განცხადება 50-მა თანამშრომელმა დაწერა და ახლა მათი მუშაობის გაგრძელებისთვის მხოლოდ პროცედურაა დარჩენილი.
მინისტრმა დღეს მიგვიღო და ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ. მისი წინამორბედისგან განსხვავებით, კომუნიკაციის პრობლემა ბატონ სარჯველაძესთან არ არსებობს. დაგვპირდა, რომ მყისიერად ეცდება პრობლემების გადაჭრას, რომელიც რესპუბლიკურს აქვს. ორი მთავარი საკითხია, ერთი მხრივ ვისაც დაბრუნება სურს, უნდა აღადგინონ გადაწყვეტილებისამებრ და მეორე მხრივ, ადამიანებისთვის ჩვენთან დასაქმება სურს, უნდა გამოცხადდეს ვაკანსიები", - განაცხადა ოთარიშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთა მიღება კლინიკას ამ მომენტში გამოცხადებული არ აქვს, მსურველები მაინც ტოვებენ განაცხადებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს დღეს შეხვდა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის 6 მარტის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა, რომლებმაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის დაწყების შემდეგ საკომპენსაციო პაკეტს ხელი მოაწერეს, ან კომპენსაცია უკვე მიიღეს სამსახურში დაბრუნებას შეძლებენ.