დამკვიდრებული ტრადიციაა, როდესაც კარიერის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული ფეხბურთელები საქველმოქმედო ხასიათის ან რომელიმე ფეხბურთელის კარიერისთვის პატივის მიგებების მიზნით მართავენ მატჩებს. საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის სულ რამდენიმე თამაშით გვახსენდება: მატჩი ლეგენდებს შორის დიეგო მარადონას მონაწილეობით, შოთა არველაძისა და კახა კალაძის გაცილების მატჩები და უკანასკნელად 2017 წელს საქველმოქმედო ხასიათის, როდესაც ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დაუპირისპირდნენ საქართველოს ლეგენდებს და 400 ათას ლარზე მეტი ააგროვეს დაზარალებული ტერიტორიის აღსადგენად.
ახლა კიდევ ერთი მსგავსი მოვლენის წინაშე ვდგავართ, 7 მარტს ბათუმში “აჭარაბეთ არენაზე“ ერთმანეთს GEO11 და Inter Forever დაუპირისპირდებიან ანუ ქართული ფეხბურთისა და მილანის “ინტერის” ლეგენდები.
GEO11-ის რიგებში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: შოთა არველაძე, კახა კალაძე, თემურ ქეცბაია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი და სხვ.
ხოლო რაც შეეხება Inter Forever-ს, მილანელების რიგებს დაიცავს 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გუნდიდან ერთდროულად 9 მოთამაშე, მათ შორის: ხავიერ ძანეტი, ესტებან კამბიასო, მარკო მატერაცი, დიეგო მილიტო, უესლი სნეიდერი და სხვ. მატჩის ერთ-ერთი მონაწილე იქნება ოქროს ბურთის მფლობელი, ლეგენდარული პორტუგალიელი ლუიშ ფიგუც, რომელმაც კარიერის უკანასკნელი წლები სწორედ “ინტერის” შემადგენლობაში გაატარა.
ბუნებრივია იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის მატჩი შედგეს საფეხბურთო კლუბები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. BMG-სთან საუბარში მატჩის ორგანიზატორი კომპანიის, Sports Orient-ის დამფუძნებელმა ოთო მუმლაძემ ახსნა თუ რა არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც ასეთი ტიპის თამაშის ჩასატარებლადაა საჭირო და აქედან გამომდინარე რომელ კლუბებს შეეძლებათ სამომავლოდ საქართველოში ჩამოსვლა:
“იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს კლუბი აუცილებელია, რომ ჰყავდეთ ლეგენდების მოქმედი გუნდი, რადგან კლუბებისთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის ორგანიზება. მათ აღარ აქვთ წვდომა ფეხბურთელების კონტრაქტებსა და საიმიჯო უფლებებზე, რაც ართულებს ასეთი მატჩების ორგანიზებას. კლუბები, რომლებიც ყველა კომპონენტს აკმაყოფილებენ ლეგენდების მატჩების სათამაშოდ არიან: “მილანი”, “აიაქსი”, “არსენალი”, “ლივერპული”, “ბარსელონა”, “ჩელსი” და სრულიად შესაძლებელია ამ დასახელებული კლუბებიდან მომავალში ერთ-ერთი ვიხილოთ” - განაცხადა ოთო მუმლაძემ.
ცნობისთვის, პროექტი “Legend Series”, და Sports Orient-ის ორგანიზებითა და ევროპაბეთის პარტნიორობით ტარდება, არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. მხარეებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად ქვეყანა ღონისძიებას მინიმუმ სამი წლის განმავლობაში მიიღებს და ისინი სხვა დიდი კლუბებისა და ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანასაც უზრუნველყოფენ.