მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის სტეიბლკოინი და რისთვის გამოიყენება ის?

სტეიბლკოინები

ბოლო წლებში, ციფრული აქტივები საცალო ბაზარზე უფრო და უფრო პოპულარულ, ხოლო გლობალურ ფინანსურ სისტემაში უფრო და უფრო მნიშვნელოვან აქტივად ჩამოყალიბდა.

ბოლო მონაცემებით, გლობალური კრიპტობირჟის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $3.39 ტრილიონია, ხოლო უშუალოდ ბიტკოინის ჯამური ღირებულება $2.1 ტრილიონია, რითაც ის მსოფლიოს უდიდესი ფინანსური აქტივების ხუთეულში ხვდება. ცოტა ხნის წინ, ბიტკოინმა აბსოლუტური რეკორდი დააფიქსირა, როცა ერთი მონეტის ფასი $112,000 იყო.

თუმცა ბიტკოინის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის არსებობა ფაქტობრივად შეუძლებელია სტაბილური კრიპტოვალუტების, ე.წ. სტეიბლკოინების გარეშე, რომლებიც, დიდწილად, ისე გამოიყენება, როგორც ნაღდი ფული ტრადიციულ ფინანსურ სისტემაში. იმ დროს, როცა ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტები დიდი მერყეობით გამოირჩევა, სტეიბლკოინის ფასი მუდმივად სტაბილურია და ერთ ნიშნულზე რჩება, რაც მას უნიკალურ თვისებებს და, შესაბამისად, განსაკუთრებულ როლს ანიჭებს.

მაშ, რა არის სტეიბლკოინი? ის ჩვეულებრივი კრიპტოვალუტაა, რომელიც რომელიმე სტაბილურ აქტივს არის მიბმული, მაგალითად დოლარს, ევროს, ოქროს ან თუნდაც რამდენიმე ძვირფასი ლითონისგან შემდგარ კალათას. სტეიბლკოინის არსი ისაა, რომ მისი ფასი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს იმ აქტივის ღირებულებასთან, რომელსაც ისაა მიბმული. თუკი საბაზისო აქტივი დოლარია, მაშინ ერთი ციფრული დოლარის ღირებულა ასევე ერთი დოლარი უნდა იყოს.

სტეიბლკოინების ფასის სტაბილურობას რამდენიმე ძირითადი მექანიზმი განაპირობებს, ესენია:

ფიზიკური რეზერვი, რომელიც გამოშვებული სტეიბლკოინების ზუსტი ოდენობის ტოლი თანხას ან აქტივს ინახავს;
კრიპტოკოლატერალიზაცია, როცა სტეიბლკოინი უზრუნველყოფილია სხვა კრიპტოვალუტით; და
ალგორითმული სტაბილურობა, როცა სტეიბლკოინის მოთხოვნა და მიწოდება ალგორითმის, ანუ კომპიუტერული კოდით რეგულირდება.

სტეიბლკოინებს გლობალურ ფინანსურ სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი აქვთ. პირველ რიგში, სტეიბლკოინებით თანხის გადარიცხვა ტრადიციულ გზებთან შედარებით უფრო სწრაფი და იაფია, რის გამოც ადამიანები ამ ტიპის ვალუტას ხშირად საერთაშორისო გზავნილებისთვის იყენებენ. მეორე რიგში, სტეიბლკოინები ხშირად გამოიყენება დეცენტრალიზებულ ფინანსებში, როცა მომხმარებელი სესხს კრიპტოვალუტაში იღებს. მესამე რიგში, ინვესტორებს შეუძლიათ სტეიბლკოინი ფასის ჰეჯირების მექანიზმად გამოიყენონ, ანუ ციფრული აქტივები მაშინ დააკონვერტირონ, როცა ბაზარზე დიდი მერყეობაა.

ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინები:

#1 — Tether (USDT)

კაპიტალიზაცია: $155.2 მილიარდი
გამომშვები: Tether

#2 — USD Coin (USDC)

კაპიტალიზაცია: $61.1 მილიარდი
გამომშვები: Circle

#3 — Ethena (USDe)

კაპიტალიზაცია: $5.9 მილიარდი
გამომშვები: Ethena Labs

#4 — DAI

კაპიტალიზაცია: $5.4 მილიარდი
გამომშვები: MakerDAO

#5 — World Liberty Financial USD (USD1)

კაპიტალიზაცია: $2.2 მილიარდი
გამომშვები: World Liberty Financial

სტეიბლკოინები თანამედროვე ფინანსურ ეკოსისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სეგმენტია. სტეიბლკოინი არის ხიდი ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკას შორის, რადგან ის კრიპტოვალუტების ტექნოლოგიურ უპირატესობას და ფიატური ფულის მეტ-ნაკლებ სტაბილურობას აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები