მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ცნობილი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის შეტევის შესახებ

ირანი-ისრაელი-აშშ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული პრევენციული იერიში მიიტანეს, რასაც თეირანში, ისფაჰანსა და სხვა სტრატეგიულ ქალაქებში მძლავრი აფეთქებები მოჰყვა. ისრაელური წყაროები წერენ, რომ თეირანის ცენტრში განხორციელებულმა პირდაპირმა დარტყმებმა დააზიანა სტრატეგიული სამთავრობო ობიექტები, მათ შორის საპრეზიდენტო კომპლექსი და ირანის დაზვერვის შტაბ-ბინა. ასევე, ერთ-ერთი რაკეტა უშუალოდ ალი ხამენეის ადმინისტრაციულ ოფისებთან ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ოპერაციას “იუდეველთა ფარი” (מגן יהודה) უწოდა და მისი დაწყება დაადასტურა. ამასთან, მან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ სარაკეტო დარტყმების მთავარ სამიზნეს ბალისტიკური რაკეტების გამშვები ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, რაც ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საფრთხედ განიხილება. ამჟამად, ისრაელის საჰაერო სივრცე სრულად დახურულია, ხოლო მოსახლეობას უსაფრთხო თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მკაცრად მოუწოდებენ.

თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები სტრატეგიულ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში, განხორციელებულ დარტყმებს ადასტურებენ და საპასუხო ესკალაციისთვის ემზადებიან. რამდენიმე წუთის წინ ირანის მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება - "ჩვენ ვემზადებით საპასუხო იერიშისთვის და ის უმძიმესი იქნება". პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ირანის ხელმძღვანელობა შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მობილიზაციას აცხადებს და ისრაელის მიმართულებით დრონებისა და რაკეტების გაშვებისთვის ემზადება. რაც შეეხება თავად ირანის სულიერ ლიდერსა და მთავრობის წარმომადგენლებს, ისინი უსაფრთხო თავშესაფარში არიან გადაყვანილები. დასავლურ მედიაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია პრეზიდენტ პეზეშკიანის ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ისრაელური მედია ამას არ ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი სამხედრო მოქმედებები ბოლოს 2025 წლის ივნისში დაფიქსირდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით სამ ბირთვულ ობიექტზე მასშტაბური იერიში განხორციელდა, რასაც თეირანმა კატარში მდებარე უმსხვილეს ამერიკულ ბაზაზე ბალისტიკური რაკეტების გაშვებით უპასუხა.

შეგახსენებთ, დღეს ამოიწურა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის 10-დღიანი ვადა, რომელიც შტატების ლიდერმა აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ გააჟღერა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის ჟევენაში ბოლო შეხვედრა გუშინ გაიმართა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ისრაელისა და აშშ-ის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები