მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ასახვა ექნება მცურავი ბაჟის გადასახადის შემცირებას პურის ფასზე? - სილაგავას განმარტება

6319ec809bff1
თათია ჩაფიჩაძე
09.09.22 00:25
586
ბოლო 1 თვეში მცურავი ბაჟის გადასახადი 100-დან 56 დოლარამდე შემცირდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ასახვა უკვე ჰპოვა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85-დან 74 ლარამდე შემცირდა.

„ბაზარზე გაიაფების ტენდენციაა, რაზეც უკრაინის დერეფნის გახსნა და რუსეთში უხვი მოსავალი მოქმედებს, ამიტომ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 1.5 თვის წინ თუ ღირდა 85 ლარი, დღეს 74 ლარამდე შემცირდა. კომუნიკაციაში ვართ პურის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელთაც თქვეს, ფასების კლების ტენდენციას და სტაბილურობას დააკვირდებიან, რის შემდეგაც სავარაუდოდ ფასებს გადახედავენ.

რაც შეეხება მცურავი ბაჟის ფასებს, 1 თვის წინ ბაჟი 100 დოლარზე მეტი იყო და დღეს 56 დოლარია. თუ ტარიფი 40-45 დოლარამდე ჩამოვიდა დიდი წისქვილკომბინატები აქტიურად ამუშავდება.

ამ ეტაპზე 10-მდე საშუალო წისქვილკომბინატმა განაახლა მუშაობა. თუმცა ბოლო პერიოდში არსებულმა სურათმა იმის აუცილებლობა დაგვანახა, რომ ამ საკითხს სისტემური ხასიათი უნდა მიეცეს, რათა აღარ მოხდეს ამ სექტორის გაჩერება,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ინფორმაციისთვის: მცურავი გადასახადების მექანიზმი რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან მარცვლეულზე შეიმუშავა. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად, მოსკოვის ბირჟაზე ფასების ინდიკატორების საფუძველზე გამოითვლება. კლების მხრივ მიღებული გადაწყვეტილება დღეს ერთი მხრივ უკრაინის დერეფნის გახსნას, მეორე მხრივ კი უხვ მოსავალს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები