ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტის გაძვირების მიუხედავად, პურის ფასი მარტამდე არ შეიცვლება.
„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას სილაგავამ აღნიშნა, რომ წლის ბოლოს შემცირებული ბაჟის შედეგად ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის გარკვეული მარაგები შეიქმნა.
„მარტამდე ფასების მკვეთრი ცვლილება არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიტანეთ ხორბლის და ფქვილის გარკვეული რაოდენობა, მარაგები არის და ფასებთან მიმართებით პურის მწარმოებელთა ასოციაციამ დაგვიდასტურა, რომ ფასების ცვლილებას არ ველოდებით.
მცურავი ბაჟი შარშან წლის ბოლოსკენ დაბლა წამოვიდა და ამან მისცა საშუალება წისქვილკომბინატებს რომ ხორბალი შემოეტანათ და აემუშავებინათ წარმოება. თუმცა, თუ გარკვეულ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, ვიქნებით დამოკიდებული მცურავ ბაჟზე. ეს არის მექანიზმი, რომელიც ბლოკავს ხორბალს და რაც უფრო იზრდება ბაჟი, მით უფრო აგრესიულად მოდის ფქვილი, შესაბამისად ეს პრობლემებს უქმნის წისქვილკომბინატებს.
ჩვენ გვჭირდება სასურსათო უსაფრთხოება, სამუშაო ადგილები, ბიუჯეტში შენატანი.
დიდმა წისქვილკომბინატებმა კიდევ ვერ განაახლეს მუშაობა, რადგან მათ გრძელვადიანი ხედვა სჭირდებათ. ეს სისტემურად გადასაწყვეტია და მოვუწოდებთ მთავრობას და აკადემიურ წრეებს, რომლებსაც შეუძლიათ მსჯელობაში შემოსვლა რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ ბოლო წლებში ფორსმაჟორულ რეჟიმებში ვმუშაობთ, პანდემია, ომი, ეს გავლენას ახდენს კადრებზეც, ჩვენთან ეს უფრო მწვავეა, რადგან არასტაბილურობის გამო კვალიფიციური კადრების გადინება უფრო ხდება.“ - განაცხადა სილაგავამ.
ინფორმაციისთვის, რუსეთი, რომელიც საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორია, მარცვლეულის ექსპორტს ისევ აძვირებს. გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე მიმდინარე 4 160,9 რუბლიდან 4,766.30 რუბლამდე (57-დან 65 დოლარამდე) გაიზრდება. საექსპორტო გადასახადი, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 14,5%-ით მოიმატებს. ახალი გადასახადი 17 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.