საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი კლებას განაგრძობს. ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 2.7%-ით იკლო და 5 დოლარი და 71 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 35%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ფასის კლება მსოფლიოში ხორბლის რეკორდული მოსავლით არის განპირობებული. მოსავალი გაიზარდა, როგორც აშშ-ში, ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, ასევე რუსეთში, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო.
რა გავლენას იქონიებს საერთაშორისო ბაზარზე ფასის შემცირება საქართველოში საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე? - ამ კითხვაზე ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ „პურის ფასის ცვლილებაზე არ უნდა ვინერვიულოთ", თუმცა გაიფებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს.
„პურის ფასზე კომენტარს უფრო მეტად ჩვენი კოლეგები აკეთებენ, თუმცა მონათესავე დარგები ვართ და ჩვენც ვიცით ტენდენციები, მათი დათვლით და თქმითაც, თუ რაიმე სერიოზული კატაკლიზმები არ მოხდა ბაზარზე, კურსის ცვლილება ან სხვა პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ეკონომიკურში გადადის, ჩვენ თვეების განმავლობაში პურის ფასის ცვლილებაზე არ უნდა ვინერვიულოთ. გაიაფებასთან დაკავშირებით კითხვა რელევანტურია, თუმცა პურის სექტორს აქვთ გარკვეული გათვლები, ხარჯები და ისინი უკეთესად გაგვცემენ პასუხს“, - განმარტა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას სილაგავამ.