მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა აწუხებს კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიას? - ექსპერტები

633ede6b1feca
გიორგი არონია
09.10.22 20:24
947

სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება სხვადასხვა ტიპის კიბერშეტევების რიცხვი და იმატებს კომპანიების კიბერუსაფრთხოების ბიუჯეტები. ცხადია, რომ მსგავსი მდგომარეობაა საქართველოშიც, რაზეც მიუთითებს, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების მიმართ სახელმწიფო სექტორის მხრიდან არსებული მზაობა, ასევე ლოკალური და საერთაშორისო კომპანიების მრავალფეროვნება.

თუმცა, საქართველოს ეკონომიკის სხვა სექტორების მსგავსად, პრობლემები კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიასაც აწუხებს. სექტორის მთავარ გამოწვევებს შორის, ექსპერტები კვალიფიციური კადრების დეფიციტს და განათლებისა დაფინანსების ნაკლებობას ასახელებენ.

„კიბერუსაფრთხოების მიმართულება საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, გამოწვევების წინაშე დგას. პირველ რიგში, საუბარია კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე, რადგან ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, კიბერუსაფრთხოების რისკებიც კატასტროფულად იზრდება და ამ რისკების თავიდან ასაცილებლად უფრო დაუფრო მეტი კადრი არის საჭირო. საქართველოში ნაკლებია ისეთი სასწავლო პროგრამები და ტრენინგები, რომლებითაც ახალგაზრდებს კიბერუსაფრთხოებას ასწავლიან“, - აღნიშნავს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ გაგნიძე BM.GE-სთან საუბრისას.

საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სისტემური განათლების დეფიციტზე საუბრობს კერძო სექტორიც. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი IT-ინტეგრატორი კომპანიის, Orient Logic-ის, კიბერუსაფრთხოების გუნდის ხელმძღვანელის, გოგა კვარაცხელიას თქმით, საქართველოში არ არის უნივერსიტეტი, რომელიც ახალგაზრდებს ამ მიმართულებით მოამზადებს.

„პირველ რიგში, კადრების პრობლემა გვაქვს. რეალურად, კვალიფიციური კადრები არ არსებობენ ან მათი ნაკლებობა გვაქვს იმ კადრებისა, რომლებიც კიბერუსაფრთხოების სექტორში იმუშავებენ. არ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც  კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ადამიანებს დიპლომის მიღების საშუალებას მისცემს და შესაბამისად ის, რომ ჩვენნაირი კომპანიები ამ ადამიანებს დაუკავშირდნენ და ისინი სამსახურში აიყვანონ - პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად ვეძებთ ახალ გზებს და ახალ ხერხებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები ჩვენ თვითონ გავზარდოთ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ან სხვა ქვეყნების გამოცდილება დავიხმაროთ და ექსპერტები საზღვარგარეთიდან მოვიწვიოთ“, - აღნიშნა გოგა კვარაცხელიამ BM.GE-სთან საუბრისას.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბაზარზე არსებული პრობლემების მიუხედავად, ექსპერტების აზრით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით რეგიონულ ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება და სწორი ორგანიზაციული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

„რასაკვირველია, საქართველოს აქვს პოტენციალი იმისა, რომ რეგიონული ჰაბი გახდეს. წინა წლების განმავლობაში, ორი სხვადასხვა ევროპული კვლევის შედეგად, საქართველო მოწინავე ადგილებზე იყო კიბერუსაფრთხოების კუთხით. იქ განიხილებოდა, როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე ორგანიზაციული მოწყობა და ის აქტივობები, რომლებიც მაშინ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა“, - აღნიშნავს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ გაგნიძე BM.GE-სთან საუბრისას.

საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევის პერსპექტივებზე საუბრობს საერთაშორისო აუდიტორული, საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანიის, BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი, ანზორ მეხრიშვილიც, რომლის აზრით, საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

„თუ მოხდება აღნიშნული მიმართულებით სწორი განვითარება, სტრატეგიული დაგეგმარება, კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის Microft-თან, Amazon-თან და ასე შემდეგ; თუ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც წამყვან კომპანიებს საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებისა და დატა-ცენტრების მოწყობის საშუალებას მისცემს და თან, მათ შესაბამისი საკანონმდებლო და ტექნოლოგიური გარემო დახვდებათ, მაშინ შესაძლებლობა გვექნება, რომ ამ მხრივ ჰაბი გავხდეთ“, - ამბობს ანზორ მეხრიშვილი BM.GE-სთან საუბრისას.

საკითხის კომპლექსურობაზე საუბრობს მსხვილი IT-ინტეგრატორი კომპანიის, 42digital-ის დირექტორი, დავით რამიშვილი, რომლის თქმით ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გადასაქცევად ბევრი რამ ერთდროულად უნდა გაკეთდეს.

„ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მას მხოლოდ ერთი რაღაცის გაკეთება არ ჰყოფნის. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი განათლება, სხვადასხვა გადაწყვეტილებების დანერგვა და სხვადასხვა პოლიტიკების შემუშავება, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოში არსებული კომპანიებისთვის უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნის“, - აღნიშნა დავით რამიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები