მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ელის AI-ის და კრიპტოს რეგულირებას დონალდ ტრამპის პირობებში?

ტრამპი და საქსი

როგორც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი და კრიპტოვალუტები ის ორი მიმართულებაა, რომელთა განვითარება აუცილებელია, თუკი მომავლის სამყაროში ქვეყანას დომინანტური პოზიციის შენარჩუნება სურს. ამ ორი სწრაფად მზარდი სექტორის თეთრი სახლის შიდა მარეგულირებლად დონალდ ტრამპმა ვენჩურული კაპიტალისტი, დევიდ საქსი დანიშნა, რომელიც, ამავდროულად, მეცნიერების და ტექნოლოგიის მიმართულებით პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება.

ამრიგად, დონალდ ტრამპის სამთავრობო ჩამონათალში პრეზიდენტის კიდევ ერთ შემომწირველი მოხვდა. დევიდ საქსი გამოცდილი ვენჩურული ინვესტორია, რომელსაც სილიკონის ველზე Craft Ventures-ის დამფუძნებლად იცნობენ. ანტრეპრენიორი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით აშშ-ში გადმოვიდა, სადაც სახელი მაშინ გაითქვა, როცა ილონ მასკის და პიტერ ტილის მიერ დაფუძნებული PayPal-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. eBay-ის მიერ PayPal-ის შესყიდვის შემდეგ, საქსმა Yammer-ი დააფუძნა, რომელიც Microsoft-მა $1.2 მილიარდად შეიძინა. ამ ფულით, ანტრეპრენიორმა ვენჩურული ფონდი დააფუძნა, რომელიც ილონ მასკის პროექტების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია.

როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, დევიდ საქსი კრიპტოინდუსტრიის დერეგულაციის პროცესს უხელმძღვანელებს, რაც არჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ფუნდამენტი იყო. როგორც ირკვევა, დევიდ საქსი თეთრ სახლში კრიპტოკომპანიების წარმომადგენელი იქნება, რომელიც ბიზნესის ხმას პრეზიდენტის ყურამდე და მარეგულირებლებამდე, მათ შორის საფონდო ბირჟების და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიამდე და საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისიამდე მიიტანს.

დევიდ საქსის მუშაობის არეალში მოხვედრილი კიდევ ერთი მიმართულება ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ბოლო წლების მთავარ ტექნოლოგიად ჩამოყალიბდა. აშშ-ის კონგრესი, ბოლო წლებში, AI-ის რეგულირების მიმართულებით საკმაოდ პასიური იყო და ამ ვითარების გამოსწორება ჯო ბაიდენმა ითავა, მაგრამ, როგორც დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, წინამორბედის განკარგულებას ის თეთრ სახლში გადაბარგების შემდეგ მალევე გააუქმებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ AI-ის რეგულირების კუთხით დონალდ ტრამპი უფრო ფრთხილი იქნება, ვიდრე კრიპტოს მიმართულებით, რადგან პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, მილიარდერი ილონ მასკი სწორედ ამ ფილოსოფიური სკოლის მიმდევარია.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული პროტოკოლის გაუქმების შემდეგ, ტრამპის კაბინეტს ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება მოუწევს და ამ პროცესში, დიდი ალბათობით, ილონ მასკი უშუალოდ იქნება ჩართული. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც OpenAI-ის თანადამფუძნებელია, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წამყვან კომპანიებს ფლობს, მაგრამ სემ ოლმენისგან განსხვავებით, მეტად კონსერვატორული მიდგომით გამოირჩევა. თუ გახსოვთ, გასული წლის მარტში ინტერნეტში გამოქვეყნდა ღია წერილი, რომლის ავტორები და ხელმომწერები AI-ის დიდი მოდელების გამოყენებით ექსპერიმენტების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ, რადგან ადამიანის თავის ტვინის დონის AI-მოდელები, მათი თქმით, საზოგადოების და კაცობრიობის დიდი რისკის წინაშე დაყენება შეუძლია.

ღია წერილის ავტორები, რომელთა შორის ილონ მასკიც არის, მიიჩნევდნენ, რომ მძლავრი AI-მოდელები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განვითარდეს, რაც მეცნიერები დარწმუნდებიან, რომ ეს ტექნოლოგია ცალსახად დადებით შედეგს მოიტანს, ხოლო რისკების მართვა - შესაძლებელი იქნება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხედვებს იზიარებენ, როგორც ნობელიატი მეცნიერები, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრები, ასე რომ ამ მიმართულებით ძვრები, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები