ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტად ამ საქმეში აწ უკვე გამოცდილი დონალდ ტრამპი აირჩია. აშშ-ის პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია პლანეტაზე, ანუ გადაწყვეტილებები, რომელთაც ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს მსოფლიოზე აუცილებლად აისახება. რაც ეხება გავლენას, რომელსაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს ამერიკულ და, შესაბამისად, გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე მოახდენს, მას მასალაში მიმოვიხილავთ.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობა პირველად იზეიმა, ამერიკულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში “თაფლობის თვე” დასრულდა, რასაც ამ სექტორის მკაცრი რეგულირება მოჰყვა. თავის დროზე, ეს ტენდენცია თავად დონალდ ტრამპმა დაიწყო და ის ჯო ბაიდენმა გააგრძელა, ოღონდ ორივე პრეზიდენტის შემთხვევაში მიზეზები განსხვავებული იყო. დონალდ ტრამპი ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებლებს და დირექტორებს პირადი მიზეზების გამო გადაეკიდა, როცა ჯო ბაიდენს სექტორის მკაცრი რეგულირება სურდა, რისთვისაც ანტიმონოპოლიური სამსახური აამოქმედა.
საბოლოო ჯამში, ორი განსხვავებული პარტიის პრეზიდენტების ამ, შეიძლება ითქვას, მსგავსი ქმედებების შედეგად ტექნოლოგიურ სექტორში დიდი ძვრები დაიწყო, ხოლო დიდმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, მაქსიმალურად აპოლიტიკურები ყოფილიყვნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კანდიდატურა ჩახსნა, ხოლო დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა, მილიარდერთა განწყობები, გარკვეულწილად, შეიცვალა. ბოლო პერიოდში ბევრ ტექნოლოგიურ ანტრეპრენიორს გული მოუბრუნდა, რამაც დონალდ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერებში ადგილი გამოუნახა.
დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ზაკერბერგს ციხეში ჩასვამდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მილიარდერმა ანტრეპრენიორმა პრეზიდენტს გულმხურვალედ მიულოცა. დონალდ ტრამპის ირიბ მხარდამჭერებში შეგვიძლია მოვიაზროთ Amazon-ის დამფუძნებელი და Washington Post-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც, როგორც ირკვევა, გამოცემის რედაქციის მიერ კამალა ჰარისის ოფიციალური მხარდაჭერის სურვილი დაბლოკა. რომ არაფერი ვთქვათ, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანზე, ილონ მასკზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელი გახდა.
თითოეულ ამ ადამიანს, რასაკვირველია, კონკრეტული ინტერესები აქვთ, რომლებიც აშშ-ის და გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს. შედეგად, ამ სტატიით ვუპასუხებთ კითხვას, თუ რას ნიშნავს ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ტექნოლოგიური სექტორისთვის?
რა გავლენას მოახდენს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა AI-ზე?
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის და ტექნოლოგიური სექტორის კავშირზე საუბარი ჩვენი დროის მთავარი ტექნოლოგიით — ხელოვნური ინტელექტით უნდა დავიწყოთ. პირველი, რასაც დონალდ ტრამპი ამ მიმართულებით გააკეთებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული პროტოკოლის გაუქმება იქნება, რაზედაც მილიარდერმა უკვე ისაუბრა. შედეგად, ტრამპის კაბინეტს ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება მოუწევს და ამ პროცესში, დიდი ალბათობით, ილონ მასკი უშუალოდ იქნება ჩართული. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც OpenAI-ის თანადამფუძნებელია, AI-ის მიმართულებით ლიდერ კომპანიებს ფლობს, მაგრამ სემ ოლმენისგან განსხვავებით, მეტად კონსერვატორული მიდგომით გამოირჩევა. ილონ მასკის ხედვებს იზიარებენ, როგორც ნობელიატი მეცნიერები, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრები, ასე რომ ამ მიმართულებით ძვრები, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება.
აიკრძალება თუ არა TikTok-ი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს?
დონალდ ტრამპზე და ტექნოლოგიებზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ის დაპირისპირება, რომელიც მილიარდერ პრეზიდენტს და სოციალურ ქსელ TikTok-ს შორის წლების წინ დაიწყო. იმ დროს, დონალდ ტრამპს აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვა სურდა და დიდწილად, ამ მხრივ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ სასამართლომ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და გეგმა ჩავარდა. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა დამოკიდებულება იცვალა, რადგან TikTok-ის აკრძალვით მხოლოდ ერთი კომპანია იხეირებს — ამერიკული Meta. როგორც ამბობენ, ამ პოზიციაზე ტრამპი მას შემდეგ გადმოვიდა, რაც რესპუბლიკური პარტიის დონორს, მილიარდერ ჯეფ იასს შეხვდა, რომელიც TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის ერთ-ერთ მსხვილი აქციონერია.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მმართველობის დროს, აშშ-ის კონგრესმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვას მოიაზრებს, თუ 2025 წლის იანვრისთვის ByteDance-ი მის ამერიკულ შვილობილ კომპანიას არ გაასხვისებს. ამ დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა, მაგრამ გადაწყვეტილების სამართლიანობაზე ამჟამად აშშ-ის სააპელაციო სასამართლოში მსჯელობენ. თუ სასამართლომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, დონალდ ტრამპი დიდად ვერაფერს შეცვლის და აშშ-ში TikTok-ის გამოყენება აიკრძალება. თუ სასამართლომ დაამტკიცა, რომ სოციალური ქსელის აკრძალვა სამართლიანი არ არის, ჩინური კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, აღარ გააგრძელებს.
როგორ შეიცვლება ჩინეთთან არსებული სატარიფო პოლიტიკა დონალდ ტრამპის დროს?
დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოგონება ჩინეთთან ე.წ. სავაჭრო ომის დაწყება იყო, რაც ორ ქვეყანას შორის მკაცრი სასანქციო რეჟიმების არსებობას მოიაზრებს. ჩინეთთან ტექნოლოგიური კონკურენციის პოლიტიკა, მართალია, დონალდ ტრამპმა დაიწყო, მაგრამ ის ჯო ბაიდენის დროსაც გაგრძელდა. ახლა კი, დონალდ ტრამპი სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებას და ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 60-100%-იანი ტარიფების დაწესებას აანონსებს. ამ გზით, დონალდ ტრამპი ტექნოლოგიური კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობას მკვეთრად შეცვლის, რადგან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულები არიან, ხოლო ბევრი კომპანია მოწყობილობებს საერთოდაც ჩინეთში აწყობს. შედეგად, ეს ერთ-ერთი რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომლის მიღება დონალდ ტრამპს მას შემდეგ მოუწევს, რაც იანვრიდან თეთრ სახლში გადაბარგდება.