ბოლო წლებში, მაღალი მოდის ინდუსტრიაში არაერთი მნიშვნელოვანი გარიგება შედგა, რომელთა შედეგად ფრანგული LVMH მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად იქცა, ხოლო მისი დამფუძნებელი - პლანეტის უმდიდრეს ადამიანად აქცია. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ბერნარ არნოს მაღალი მოდის კონგლომერატმა ისეთი ბრენდები შეიძინა, როგორიცაა Christian Dior-ი, Loro Piana, Emilio Pucci და Tiffany & Co, მაგრამ ბაზარზე ჯერაც არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კომპანია, რომელიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. აი, სწორედ ასეთი ბრენდების ჩამონათვალში ხვდება იტალიური Giorgio Armani, რომელსაც თავად 90 წლის დიზაინერი, ჯორჯო არმანი ხელმძღვანელობს.
თუმცა, როგორც ჩანს, მომდევნო წლებში, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს და ჯორჯო არმანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ განვითარებისთვის სხვა გზა აირჩიოს, რომელიც ორიდან ერთ ვარიანტს გულისხმობს - სხვა კომპანიასთან შერწყმას ან აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას. როგორც ჯორჯო არმანიმ Bloomberg-თან განაცხადა, Giorgio Armani-ის დამოუკიდებელ კომპანიად შენარჩუნება რთული პროცესი იყო, რომელიც ბრენდს მის ხიბლსა და ღირებულებას სძენდა, მაგრამ მომავალში, შესაძლოა, კომპანიამ განვითარების სხვა გზა აირჩიოს.
“დიდი ჯგუფებისგან დამოუკიდებლობა, შესაძლოა, Armani Group-ისთვის მომავალშიც სარფიანი იყოს, მაგრამ ვერაფერს გამოვრიცხავ. ის, რაც ჩემი წარმატების მუდმივი განმსაზღვრელი იყო - ახალ დროებასთან ადაპტირებაა”, - განაცხადა ჯორჯო არმანიმ Bloomberg-თან. ამ წერილობით ინტერვიუში, მართალია, ჯორჯო არმანი მისი კომპანიის სამომავლო დეტალებს არ არაჯაროებს, მაგრამ საინტერესოა ის ცვლილება, რომელიც მისი განცხადებების ტონში იკითხება. საქმე ისაა, რომ ჯორჯო არმანი ინტერვიუს ძალიან იშვიათად თანხმდება და თითქმის არასდროს საუბრობს, თუ ვინ ჩაიბარებს კომპანიას მისი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ამჯერად, იტალიელი დიზაინერი, არაფერს გამორიცხავს.
“ამ ეტაპზე, მაღალი მოდის რომელიმე კონგლომერატის მიერ კომპანიის შესყიდვას არ განვიხილავ, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ა პრიორი, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ასეთი რამ, ჩემი მხრიდან, არაანტრეპრენიორული ნაბიჯი იქნებოდა”, - აღნიშნა ჯორჯო არმანიმ Bloomberg-თან. ანტრეპრენიორობა, ცხადია, ჯორჯო არმანის ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელია, რადგან Giorgio Armani-ის წილის ფაქტობრივად სრულად შენარჩუნება, ანუ დამოუკიდებლობა და $6.6-მილიარდიანი ქონების მოგროვება იტალიელმა სწორედ ამ თვისების დამსახურებით მოახერხა.
დამოუკიდებლობა ის საკითხია, რომელიც მაღალი მოდის ინდუსტრიის იტალიურ კომპანიებს, ბოლო წლებში, განსაკუთრებით აწუხებთ. ამ ეტაპზე, Giorgio Armani-ის მსგავსი სტატუსით Salvatore Ferragamo, Prada, Moncler-ი და Ermenegildo Zegna სარგებლობენ, მაგრამ თითოეული მათგანი, გარკვეულწილად, ნიშურ ბრენდად რჩება, როცა LVMH-სა და Kering-ში შემავალმა ბრენდებმა, ბოლო წლებში, ახალი ბაზრები დაიპყრეს და უკიდეგანო მასშტაბზე გავიდნენ. დღეს, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 424 მილიარდ დოლარს აღემატება, როცა Kering-ის შეფასება 44 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მაშ, ისმის კითხვა - თუ ჯორჯო არმანიმ 1975 წელს დაფუძნებული ბრენდის გაყიდვა გადაწყვიტა, რა შეიძლება იყოს ფასი, რომელსაც მყიდველი გადაიხდის? ანალიტიკოსების შეფასებით, Giorgio Armani-ის ლოგიკური ღირებულება 8-10 მილიარდი ევროს შუალედში მერყეობს, რაშიც ასახულია, როგორც კომპანიის სამომავლო ზრდის ტრაექტორია, ასევე უშუალოდ ბრენდის ღირებულება. თავად ეს მონაცემი, დიდწილად, კომაპნიის შემოსავალს ეფუძნება - 2022 წელს, Giorgio Armani-მ 2.4 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, მაგრამ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ე.წ. “სალიცენზიო შეთანხმებებზე” მოდის, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მასშტაბირების შესაძლებლობა, გარკვეულწილად, შეზღუდულია.
თუმცა ფინანსები - ერთი საკითხია, ხოლო კომპანიის მართვა - მეორე. როგორც ჯორჯო არმანიმ Bloomberg-თან განაცხადა, მისი სურვილია, კომპანიის მართვის სადავეები მისი ნდობით აღჭურვილი პირების ჯგუფმა გადაიბაროს. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიელ დიზაინერს შვილები არ ჰყავს, მის ახლო გარემოცვაში Giorgi Armani-ში დასაქმებული მისი რამდენიმე ნათესავი და სხვა პირები შეგვიძლია მივიჩნიოთ, მათ შორის ლეო დელორკო, რომელიც ჯორჯო არმანის მარჯვენა ხელად ითვლება. როგორც ჩანს, ჯორჯო არმანის არ ეგულება ერთი ადამიანი, რომელიც მის საქმეს გააგრძელებს, რის გამოც, მისი გარდაცვალების შემდეგ, Giorgio Armani-ის მმართველობაში, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოჩნდება.