მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას?

Hermes

2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ცუდი ფინანსური შედეგების ფონზე, ბრიტანული მოდის სახლმა Burberry-მ მისი ღირებულების მეხუთედი დაკარგა. გამოწვევები, რომელთა წინაშე 168-წლიანი ისტორიის მქონე მაღალი მოდის ბრიტანული გიგანტი აღმოჩნდა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, კომპანიამ, შესაძლოა, საოპერაციო მოგებაც კი ვერ დააფიქსიროს. თავად ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ Burberry-ის ტანსაცმელზე და აქსესუარებზე მოთხოვნა იკლებს - ჯამში, ეს მაჩვენებელი 21%-ით, $595 მილიონამდე არის შემცირებული. ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და აფრიკის ბაზრებზე Burberry-ის გაყიდვებმა 16%-ით იკლო, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და აზიაში კი, 23%-ით შემცირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ის, რაც Burberry-ის ბოლო დროს დაემართა უფრო მეტად უკავშირდება არა უშუალოდ ბრიტანულ კომპანიას, არამედ ინდუსტრიას, რომელშიც ის ოპერირებს. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში, მაღალი მოდის ინდუსტრიაში არსებული კომპანიების აქციების ფასმა საფონდო ბირჟაზე მკვეთრად იკლო, არადა იყო დრო, თანაც არც თუ ისე შორეულ წარსულში, როცა ბერნარ არნოს კონგლომერატი LVMH-ი ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია იყო, თავად ფრანგი ბიზნესმენი კი - პლანეტის უმდიდრესი ადამიანი. დღეს, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $373 მილიარდამდე არის შემცირებული, ბერნარ არნოს პირადი ქონების შეფასება კი $196 მილიარდია.

თუმცა სანამ ავხსნით, თუ რა განაპირობებს მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას, პირველ რიგში, საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციის ფასის დინამიკას გადავხედოთ. ერთწლიან პერიოდში, საფონდო ბირჟაზე ხუთივე გიგანტის, მათ შორის Burberry-ის, LVMH-ის, Christian Dior-ის, Hermes-ს და Kering-ის აქციების ფასები საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული. ყველაზე მეტად, კერძოდ 67%-ით ზემოხსენებული Burberry-ის ფასმა იკლო, მაგრამ 41%-იანი კლება ფრანსუა-ანრი პინოს Kering-მაც დააფიქსირა. შედარებით მცირე, კერძოდ 19%-იანი კლება შეინიშნება ბერნარ არნოს LVMH-სა და Christian Dior-ში, ხოლო ფრანგული Hermes-ს ფასმა ბოლო ნახევარ წელიწადში თითქმის 10%-ით იკლო. თუმცა გაცილებით მკვეთრია ის კლება, რომელიც კომპანიებმა ბოლო წლებში არსებული პიკური მაჩვენებლების შემდეგ დააფიქსირეს.

მაღალი მოდის უდიდესი საჯარო კომპანიების მიერ საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

Burberry Group PLC

— 1M -24.5%
— 6M -41%
— 1Y -67%
— 2023 წლის აპრილის (პიკის) შემდეგ -72%

LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE

— 1M -3%
— 6M +4%
— 1Y -19%
— 2023 წლის ივლისის (პიკის) შემდეგ -23%

Christian Dior SE

— 1M -4%
— 6M +1.1%
— 1Y -19%
— 2023 წლის აპრილის (პიკის) შემდეგ -25%

Hermes International SCA

— 1M -3%
— 6M +12.7%
— 1Y -9.7%
— 2024 წლის მარტის (პიკის) შემდეგ -14%

Kering SA

— 1M +1.4%
— 6M -10.8%
— 1Y -41%
— 2021 წლის აგვისტოს (პიკის) შემდეგ -60%

რა განაპირობებს მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას?

საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, კაპიტალი ისტორიულად გაძვირდა, რაც ძირითად ვალუტებზე რეფინანსირების განაკვეთების მკვეთ გაძვირებას უკავშირდება.

იმ დროს, როცა მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, სესხებს ცენტრალური ბანკიდან სახსრების მოზიდვა უძვირდებათ, რაც, ბანკის მიერ მომხმარებლისადმი გაცემული სესხის ფასზეც აისახება, ანუ მოქალაქეებს სესხი უძვირდებათ. ამ დროს, კი რაციონალური მომხმარებელი ნაკლებს ხარჯავს და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე კონცენტრირდება, ხოლო ბირკინის ჩანთა ან Dior-ის სუნამო ამ ჩამონათვალში ნამდვილად არ ხვდება.

თუმცა ზოგადი ეკონომიკური ფონის გარდა, ძვირად ღირებული ბრენდების საქმიანობაზე გავლენას ის ფაქტორებიც ახდენს, რომლებიც უშუალოდ ამ ინდუსტრიისთვის არის დამახასიათებელი. საქმე ისაა, რომ ეს სფერო ძალიან კონკურენტულია, ხოლო ძვირად ღირებული ბრენდების რაოდენობა ფაქტობრივად ყოველწლიურად იზრდება.

მაღალი მოდის ბიზნესი დიდ მარკეტინგულ დანახარჯებს მოითხოვს, ანუ ის საკმაოდ კაპიტალინტენსიურია. ამ მიმართულებას, მართალია, შედარებით იაფი მუშახელი და წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია ფარავს, მაგრამ მაშინ, როცა გლობალური მიწოდების ჯაჭვში პრობლემები ჩნდება, კომპანიების ხარჯები იზრდება. ბოლო პერიოდში, სწორედ ამ დინამიკას ვხვდებით, რომელსაც უკეთ ის კომპანიები შეხვდნენ, რომელთა პორტფელში ერთბაშად რამდენიმე ბრენდს ვხვდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები