ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა აღარ გრძელდება, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმების პროგრამაში არიან ჩართულები, ექნებათ ე.წ. ჯავშნის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც შეინარჩუნებენ სოცდაუცველის სტატუსს. კერძოდ, დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი და სოციალური შემწეობა შენარჩუნებული ექნება.
საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. Bm.ge-ის კითხვაზე - რა ბედი ელის სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამით დასაქმებულებს და შეამოწმებენ თუ არა მათაც, მინისტრმა განმარტა:
„რა ბედი ელის ამ ხალხს? მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ე.წ. ჯავშნების სისტემა. ბუნებრივია, ამას დასჭირდება მხედველობაში მიღება, როცა ჩვენ დავგეგმავთ პროცესს. ჯავშანი უკავშირდება არამხოლოდ სოცდასაქმების ამბებს, არამედ ოჯახებს, რომლებსაც მაგალითად გუშინ მიენიჭათ სტატუსი, რომელთაც აქვთ ჯავშნის პერიოდი.
სოცდაუცველთა დასაქმების მაჩვენებლები ყოველთვიურად არის ცვლადი. საბოლოო ჯამში, ალბათ, ბოლოს ვადა გაუვათ 2025 წლიდან ოთხ წელიწადში. თუმცა 2029 წელს მცირე იქნება ადამიანების რაოდენობა, ვისაც შეიძლება კვლავაც ჰქონდეს ჯავშანი. ასევე, ადამიანი, რომელიც გუშინ დარეგისტრირდა, უფრო მეტი ხანი ექნება ჯავშანი“, - განმარტა სარჯველაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა 4 წლის ვადით იყო თავიდანვე გამოცხადებული და რადგან მას ვადა ამოეწურა, ის სრულდება.
„მე არ მქონია ინიციატივა [დასაქმების პროგრამის] ხელახლა გამოცხადების, ასევე ვადის გახანგრძლივების“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, 2022 წლის დასაწყისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას ამოქმედდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში, სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული.
რაც შეეხება ბიუჯეტს, 2025 წელს სოცდაუცველების დასაქმების 300-ლარიანი პროგრამის ბიუჯეტი 112.8 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - 109 მლნ ლარი, 2023 წელს - 107,3 მლნ, 2022 წელს კი 48.1 მლნ იყო.
ამ დროისთვის, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 700 ათას ადამიანს აღემატება.




























