მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ეწია უმდიდრეს ინდოელ ბიზნესმენ გაუტამ ადანის?

ადანი

გახსოვთ გაუტამ ადანი? ინდოეთის და, ზოგადად, აზიის ისტორიაში ყველაზე მდიდარი მეწარმე, რომელიც Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა და პირველობასაც უმიზნებდა. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ თვალისმომჭრელი აღმასვლის შემდეგ, ადანის არანაკლებ სანახაობრივი კოლაფსი მოუწია. სულ რაღაც ორ კვირაში Adani Group-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 100 მილიარდი დოლარის კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს, თავად ადანის ქონების შეფასება კი 80 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ადანის დაღმასვლა პირდაპირ კავშირში იყო ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, Hindenburg Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან. 200-გვერდიან კვლევაში Hindenburg-ის ანალიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ გაუტამ ადანის ბიზნესიმპერია რეალურად სიცრუესა და კორუფციაზე იყო დაშენებული, მისი კომპანიების საბაზრო შეფასების მიღმა კი არავითარი ფუნდამენტური საფუძველი არ იდგა.

ზოგადად, Hindenburg-ის ძირითადი დანიშნულება კორპორაციული თაღლითობის გამოვლენა და იდენტიფიცირებული კომპანიების მიმართ short პოზიციების გახსნაა, ანუ საფონდო ბირჟაზე მათ წინააღმდეგ ფსონის დადება. აღსანიშნავია, რომ კომპანია Nikola, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით Ford-ს გადაუსწრო, თაღლითობასა და მანიპულაციაში სწორედ Hindenburg-მა ამხილა, ამიტომაც კვლევითი ორგანიზაცია უოლ სტრიტზე სერიოზული რეპუტაციით სარგებლობს. როგორც ახლა ირკვევა, ადანის წინააღმდეგ დადებული ფსონით Hindenburg-მა 4 მილიონი დოლარის ფინანსური სარგებელი მიიღო, რაც დიდი არაფერია იმ ზარალთან შედარებით, რომელიც კომპანიამ ადანის ჰოლდინგს მიაყენა, კერძოდ, საუბარია $100-მილიარდიან დანაკარგზე.

Hindenburg-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აქტიურად არღვევდნენ ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტებს; შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლები გაყალბებული იყო; აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ხელოვნურად იყო გაზრდილი; დივიდენდები არა აქციონერებზე, არამედ ადანის ოჯახის წევრებზე რეგისტრირებულ ოფშორულ ფონდებზე ნაწილდება; ვალდებულებებისა და აქტივების შეფარდება რამდენიმეჯერ აჭარბებს ინდუსტრიის სტანდარტს; ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელებად და მენეჯერებად მხოლოდ ადანის ნათესავები და ახლო მეგობრები ინიშნებოდნენ; სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებების პრაქტიკა აჩენდა კითხვის ნიშნებს და რაც მთავარია, ჰოლდინგის აქტივები ხშირად არარეალისტურად, საბაზრო ღირებულებაზე ასჯერ უფრო ძვირადაც იყო შეფასებული.

ბრალდებებზე საპასუხოდ Adani Group-მა 400-გვერდიანი ანგარიში მოამზადა, სადაც რელევანტური დოკუმენტაცია, ინვოისები, ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ადანის ჰოლდინგმა Hindenburg-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც მანიპულაციაზე, ცილისწამებაზე და მონაცემების გაყალბებაზე იყო საუბარი.

Hindenburg-ის კეთილსინდისიერებას დროებით რომ შევეშვათ, ადანის გამდიდრების ისტორიასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი აქამდეც ყოფილა, რაც სწორედ მისი დაუჯერებელი წარმატებით იყო განპირობებული. ადანის წარმოუდგენელი ტემპით გამდიდრება რიგი ფაქტორებით იყო განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების, კერძოდ, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის გაძვირება იყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებშია წარმოდგენილი. მიუხედავად საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელისა, ადანის უმთავრეს შემოსავლის წყაროს ენერგორესურსები წარმოადგენს.

Adani Group-ი მსოფლიოს უმსხვილესი ქვანახშირის მომპოვებელი კერძო კომპანიაა, რომელიც ინდოეთის მასშტაბით 60-მდე საბადოს აკონტროლებს. ადანის კომპანიის კოლოსალურ მასშტაბებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ Adani Group-ზე ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული გლობალური ემისიების თითქმის 3% მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუტამ ადანის მფლობელობაში არსებული კონგლომერატი უფრო მეტად აბინძურებს დედამიწას, ვიდრე სახელმწიფოების სრული უმრავლესობა.

2020 წლის შემდეგ, ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული რეპუტაციული ლაქა ადანისთვის განსაკუთრებით ყურადსაღები აღმოჩნდა და ინდოელმა ბიზნესმენმა საკმაოდ აგრესიული „მწვანე“ პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. მან მიზნად დაისახა, Adani Group-ი მსოფლიოს მასშტაბით განახლებადი ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი გამხდარიყო და ამ მიმართულებით კომპანიამ რამდენიმე მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტიც მოამზადა.

მიუხედავად იმისა, რომ ადანი აქტიურად ცდილობს კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესებას, რათა ის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს გლობალური ინვესტორებისთვის, ის აგრეთვე მნიშვნელოვნად ზრდის ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ტემპის, რაც ახალი საბადოებისა და ჭაბურღილების ამოქმედებით გამოიხატება.

გლობალური ბიზნესიმპერიის შექმნამდე, ადანი ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საქონლის იმპორტით და ექსპორტით იყო დაკავებული. მცირე ბიზნესი რამდენიმე წელიწადში საკმაოდ მაღალშემოსავლიან კომპანიად, Adani Enterprise-ად იქცა.

ადანის წარმატების რეალური ისტორია 1990-იან წლებში ინდოეთში მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების დაწყებას უკავშირდება. პირადი კონტაქტებისა და, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებების წყალობით, მთავრობის პრივატიზაციის პოლიტიკა ზედმიწევნით ზუსტად მოერგო ადანის კომპანიის ინტერესებს და რამდენიმე წელიწადში მისი მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა.

1995 წელს Adani Group-მა გუჯარათის შტატის საჯარო ტენდერი მოიგო და ის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო პორტის ოპერატორი გახდა. მას შემდეგ, კომპანიის გაფართოება ლოგისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით გაგრძელდა, ამჟამად კი Adani Group-ი ინდოეთის უმსხვილეს აეროპორტებს, სატრანსპორტო ცენტრებს, საზღვაო პორტებსა და ტერმინალებს ფლობს.

2000 წლიდან გაუტამ ადანის კავშირები მთავრობის წევრებთან მნიშვნელოვნად გამყარდა, ამის პარალელურად კი გაიზარდა Adani Group-ის მიერ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების სიხშირე.

ადანის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ კაპიტალად პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან არსებული მჭიდრო კავშირი უნდა ჩაითვალოს. კარიერული და პოლიტიკური კრიზისის დროს, ადანიმ სერიოზული მატერიალური და რეპუტაციული მხარდაჭერა გაუწია მოდის, რის გამოც ის დღემდე ადანის მთავარ მოკავშირედ რჩება.

მილიარდერების რეიტინგში ადანის გამოჩენა პირდაპირ კავშირშია 2014 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრად მოდის არჩევასთან. მას შემდეგ, Adani Group-ის გაფართოების ტემპი არნახული ტემპით გაიზარდა, ჰოლდინგის ქვეშ მოქცეული შვილობილი კომპანიების რაოდენობამ ასს გადააჭარბა. სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების ტენდენცია კი საეჭვოდან აშკარა მიკერძოებაში გადაიზარდა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი გამოცილების გარეშე მასშტაბურ საავიაციო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

Adani Group-ის ქოლგის ქვეშ ამჟამად 10 მსხვილი კომპანიაა, საფონდო ბირჟაზე მათი აქციების ზრდის ტენდენციას კი რთულია რეალისტური ვუწოდოთ.

ბუნებრივია, Adani Group-ის ინვესტორებს კარგად ესმით, რომ ადანის წარმატების ისტორია სამთავრობო კავშირებით და სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებითაა განპირობებული, თუმცა Hindenburg-ის ანალიტიკოსებმა ნათელი ადანის ბიზნესიმპერიის იმ ბნელ მხარესაც მოფინეს, რომლის არსებობის შესახებაც მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, კვლევითი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, როგორც ჩანს, საკმარისი აღმოჩნდა გაუტამ ადანის ტახტიდან ჩამოსაგდებად.

თუმცა, რა ხდება ახლა? რა ბედი ეწია ადანის, რომელმაც ასეთი რთული აღმასვლისა და დაღმასვლის ისტორია გამოიარა? - ამჟამად ინდოელ მილიარდერს საქმე მშვენივრად აქვს, მისი ქონების შეფასება ისევ გაიზარდა და ის ამჟამად 104 მილიარდ დოლარს აღწევს. აზიის კონტინენტზე მას მხოლოდ ერთი ადამიანი უსწრებს, მისი თანამემამულე მუკეშ ამბანი, რომელიც $118 მილიარდის ქონებას ფლობს.

რამ გამოიწვია ადანის მობრუნება და მისი კომპანიის აქციების ზრდა? ამის მიზეზი მარტივია - ინდოეთის არჩევნებში ისევ მოდიმ გაიმარჯვა, ანუ ადანის ჰოლდინგმა კიდევ მრავალი წლით გაინაღდა სამთავრობო ტენდერებში გამარჯვება. გარდა ამისა, ბირჟაზე ენერგორესურსების ფასები გაიზარდა, ნავთობი, გაზი და ქვანახშირი კი ის პროდუქტებია, რომელთაც ადანის ჰოლდინგი ყველაზე დიდი მოცულობით ყიდის. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ასეთი მოცემულობა - გაუტამ ადანი უბრუნდება აღმასვლის ტრაექტორიას, რადგან, როგორც ჩანს, მისი კომპანიის ინვესტორებს კორუფცია არა მინუსად, არამედ ადანის ჰოლდინგის მთავარ უპირატესობად მიაჩნიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები