მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რა ბიუჯეტი აქვს შუა დერეფანს?“ – ინტერვიუ ედვარდ ჩოუსთან

ანალიტიკა

ჩინეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებით. პეკინისთვის ალტერნატიული მარშრუტების განვითარება მნიშვნელოვანია თავისი სტრატეგიისთვის, რომ გლობალურ არენაზე უფრო მეტად დაიმკვიდროს და ამასთან, ამით უფრო წარმატებით გაართვას თავი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მზარდ კონკურენციას. ამდენად, ომმა უკრაინაში შესაძლოა ჩინეთს რესურსების მობილიზებისკენ უბიძგოს იმისთვის, რომ შუა დერეფნის განვითარებაში უფრო დიდი როლი შეასრულოს.

თუმცა, თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა, თავისი გლობალური სტრატეგიის ფარგლებში, შეამციროს ჩინეთის გლობალური გავლენა, შესაძლოა, სტრატეგიული უპირატესობა მიანიჭოს უფრო ინტეგრირებული ბაზრის ჩამოყალიბებას ევროკავშირსა და კასპიის ზღვის ქვეყნებს შორის და ამით შეზღუდოს ინტეგრაციის პროცესის ჩინეთამდე გავრცელება.

კიდევ ერთი მომენტი აქ ის არის, რომ ტრადიციულად მეგობრული ჩინურ–რუსული ურთიერთობების მიუხედავად, პეკინი მაინც ცდილობს ალტერნატიული მარშრუტები განავითაროს და აბრეშუმის გზით ევროპასთან უფრო მჭიდროდ დაკავშირდეს.

ამ კონტექსტებს ეხმიანება სწორედ ედვარდ ჩოუსთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–მ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე – პუტინიზმის დამარცხება – ჩაწერა.

წლიური კონფერენციის მასპინძლები არიან „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“. მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობენ. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება.

თავად ედვარდ ჩოუ ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტია. წლების წინ, ის მონაწილეობას იღებდა მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც საქართველო და აზერბაიჯანული მხარე ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

შუა კორიდორის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი – რამდენად რეალისტურია?

არ ვიცი. ზოგჯერ – და პირველ რიგში, ახლა ჩემს ქვეყანაზე ვსაუბრობ – ძალიან ბევრი სლოგანი გვაქვს. ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ ვიცი, მათი უმრავლესობა რას ნიშნავს. შუა კორიდორი, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონის თავისუფალი და ღია სტრატეგია, აზიისკენ შემობრუნება – არცერთ ამ და მსგავს ინიციატივას არ აქვს აზრი, სანამ არ დავინახავთ, რომ მათ უკან კონკრეტული ფინანსური რესურსები დგას. მაგალითად: ანალიტიკოსების ნაწილი აკრიტიკებს ჩინეთის ერთი გზა, ერთი სარტყელის პოლიტიკას – და ნამდვილად კრიტიკისთვის ბევრი მიზეზი არსებობს – მაგრამ რაც მე ვიცი ის არის, რომ ჩინეთის მთავრობა ამ სტრატეგიაში 3 ტრილიონ დოლარს აბანდებს. იცი, რომ რეალისტურია იმიტომ, რომ მასშტაბურია, მნიშვნელოვანი და დიდი ფული უმაგრებს ზურგს.

რა ბიუჯეტი აქვს შუა კორიდორს? აი, ვაშინგტონის გადმოსახედიდან – როცა ამ სლოგანებს ვიგონებთ – ავიღოთ თუნდაც ობამას აზიისკენ შემობრუნება – ჩემი კითხვაა, რა ბიუჯეტი აქვს ამ ინიციატივას? – თუ არ იცი, რა არის ბიუჯეტი, მაშინ იქნებ არც პროგრამა გაქვს. რჩება სლოგანი. მხოლოდ სიტყვები. ერთი წინააღმდეგობა რაც მაქვს შუა კორიდორთან მიმართებით – რა უმაგრებს ზურგს ამ პროექტს? რომელი რეალური რესურსები? მათ შორის, არა მხოლოდ ფინანსური. განცხადება, რომ ევროკავშირმა მემორანდუმი გააფორმა მაგალითად აზერბაიჯანთან – არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. კარგ განზრახვას. მეორე გამოწვევა რასაც ვხედავ – გეოგრაფიაა – შორი მანძილები, რომლებიც ერთმანეთთან უნდა დაკავშირდეს. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება შუა კორიდორი ეკონომიკურად მიმზიდველი და მოგებიანი იყოს, ჩინეთის ჩართულობის გარეშე. ჩინეთი გლობალურად ყველაზე დიდი სავაჭრო ბაზარია და რა თქმა უნდა, მათ შეიძლება შუა კორიდორის ამოქმედებიდან, პოტენციურად სარგებელი მიიღონ, მაგრამ თუ ისინი არ იქნებიან ჩართულები, გამოვა, რომ დიდი სურათიდან განტოლების ნახევარზე მეტი გაქრება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩინეთის გარეშე შუა დერეფანს რაიმე მომავალი აქვს.

მეორე მხრივ, შუა კორიდორი იმისთვისაა, რომ რუსეთის გავლენა შემცირდეს. საქართველოს მაგალითზე რომ განვიხილოთ: დღეს რაც გვესმის, ანაკლიის პორტის პროექტით მნიშვნელოვნად არიან დაინტერესებულები ყაზახი და ჩინელი ინვესტორები – უნდა განიხილოს თუ არა საქართველოს მთავრობამ ეს ინვესტიციები? ალბათ გახსოვთ, ამერიკის გაფრთხილება საქართველოს მიმართ, რომ სიფრთხილით მოპყრობოდნენ რუსულ და ჩინურ ინვესტიციებს ამ პროექტში ...

მე მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზეც, ჩინური ინვესტიციების სათანადოდ არ განხილვა იყო შეცდომა. ამერიკელი მაღალჩინოსნების პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო – ისინი არ უჭერდნენ მხარს ჩინურ ინვესტიციებს ანაკლიის პორტის პროექტში, ამ იდეის გაჩენის დღიდან – ეს ყველაფერი ვიცი ვაშინგტონიდან – ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. მესმის, საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა, თუმცა, მეორე მხრივ, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ჩინეთის გარეშე ეს პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველი აღმოჩნდეს. მსხვილი ინფრასტრუქტურა მხოლოდ მაშინ აშენდება, თუ ცხადად ჩანს ამ ინფრასტრუქტურის სტაბილური მომხმარებელი. და სტაბილურობაში მხოლოდ დაპირებას არ ვგულისხმობ, ფინანსურ მხარდაჭერასაც – რომ ისინი გამოიყენებენ ამ ინფრასტრუქტურას ტრანზიტისთვის, ტვირთების კონკრეტული მოცულობებით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, ბანკები პროექტს არ დააფინანსებენ. ამ ლოგიკით, ყაზახეთიც ძალიან კარგი ინვესტორი იქნება. შუა აღმოსავლეთის ინვესტორებიც შეიძლება დაინტერესდნენ ანაკლიის პროექტით. მაგრამ თუ განტოლებიდან ყველაზე მსხვილ შესაძლო მომხმარებელს ამოაგდებთ, პროექტი როგორ უნდა განხორციელდეს? ამოცანა ბევრად გართულდება, თუ შეუძლებელი არ გახდება. პროექტი სწორად უნდა განხორციელდეს, დასავლური სტანდარტების დაცვით და ჩინეთიც დასავლეთისთვის სწორ პარტნიორად უნდა ჩამოყალიბდეს, ეს უნდა იყოს მთავარი მოთხოვნა და ამ მიზნისკენ სვლა უფრო სწორი გზაა, ვიდრე ჩინური ინვესტიციების თავიდანვე საერთოდ უგულებელყოფა.

შავი ზღვის კაბელის პროექტიც, თქვენი აზრით, ამ ეტაპზე უფრო სლოგანია?

ვფიქრობ, ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს ამ პროექტის შესახებ. მესმის რა ღირებულებაც შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს. საჭირო პროექტია. ალბათ ძალიან ძვირიც. მე ისევ იმავეს ვიტყვი – კომერციული დეველოპერი რომ ვიყო – ალბათ ამ პროექტშიც მომინდებოდა, უმსხვილესი მომხმარებელი ჩართული ყოფილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები