მთავარმა პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ დააკავეს ბიზნესმენი კობა ხუნდაძე. მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის თანახმად, ის სუს-ის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან არის კავშირში. განცხადების თანახმად, მისი ბინის ჩხრეკის შედეგად 1.3 მილიონი დოლარი არის ამოღებული.
ბიზნეს რეესტრიდან ირკვევა, რომ ხუნდაძე ორ კომპანიასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ორი დეველოპერულ ბიზნესში არის ჩართული. მათ შორის პირველია 2023 წლის ნოემბერში დაფუძნებული კომპანია "დაგი ბილდინგი" და 2023 წლის აგვისტოში დაფუძნებული "სამშენებლო კომპანია მალკო". ორივე კომპანია დეველოპერულ ბიზნესში არის ჩართული და გლდანსა და დიდ დიღომში აშენებს საცხოვრებელ კორპუსებს. მათ შორის ხუნდაძე "დაგი ბილდინგის" 100%-ის წილს ფლობს, "სამშენებლო კომპანია მალკოში" კი 50% ეკუთვნის.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა ხუნდაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმეეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში.
"აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა. შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სრულად პროკურატურის განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში.




























