დღეს დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაასანქცირა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირების მიზეზი გახდა ვასაძის განცხადებები, რომლებსაც ის საკუთარ მედიაპლატფორმაზე ავრცელებდა. დღესვე დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეც დაასანქცირა.
"ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ასევე, სანქციების სიაში მოხვდა ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და ქართული ოცნების მმართველ შტოსთან", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განმარტებაში.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ბოლო რამდენიმე წელია აქტიურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობას აღარ ეწევა, თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ვასაძე საქართველოში რუსული დეზინფორმაციული ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს.
ლევან ვასაძე წლების განმავლობაში რუსი მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს დირექტორთა საბჭოს წევრის და ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ამასთან, ვასაძე არის IT კომპანია АТ-Консалтинг-ის თანადამფუძნებელი, აღნიშნული კომპანია ამჟამად რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის შემადგენლობაშია. რუსული Forbes-ის თანახმად, ვასაძეს კვლავ ეკუთვნის 13.6%-ის წილს კომპანია "პეტ რიტეილში", რომელიც ზოომაღაზიათა ქსელ "ბეთჰოვენს" ფლობს.
საქართველოში კი მის უმსხვილეს აქტივებს შორისაა "ბაგრატიონი 1882", რომელიც ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიას ლევან ვასაძის მეუღლე - ნინო დურგლიშვილი ოფშორული კომპანია Coral Invest S.A.-ს მეშვეობით ფლობს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც 2023 წლის საქმიანობას ასახავს "ბაგრატიონი 1882"-ის შემოსავალი 12 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის აქტივები 81.3 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 106 მილიონი ლარია.
რაც შეეხება სხვა აქტივებს, ლევან ვასაძის მეუღლე ასევე ფლობს კომპანია "კიკეთის სოციალურ პროექტებს", რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მფლობელია. სკოლის შემოსავალი 2023 წელს 1.4 მილიონი ლარი, აქტივები კი 2 მილიონი ლარია.
ამასთანავე, ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილი ფლობს ქართული ტრადიციული სამოსის კომპანია "სამოსელი პირველის" 83%-ის წილს.




























