მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ბრალი წაუყენა ანტიკორუფციულმა ბიურომ უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს?

ჰერმან ჰალუშჩენკო

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან ჰალუშჩენკოს ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ყოფილი მაღალჩინოსანი ანტიკორუფციულმა უწყებამ 2 დღის წინ, საზღვრის გადაკვეთისას დააკავა და ინტენსიური დაკითხვისთვის დაუყოვნებლივ კიევში გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ის გასული წლის ნოემბერში, სწორედ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდების გამო გადადგა. გამოძიების თანახმად, უკრაინის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა მარშალის კუნძულზე რეგისტრირებული ოფშორული ზონებისა და მრავალშრიანი ფინანსური სქემის გამოყენებით მილიონობით დოლარი გაათეთრა. პროცესი 2021 წელს, ანგილიის კუნძულზე ფონდის შექმნით დაიწყო, რომლის მიზანიც 100 მილიონი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა იყო.

მინისტრის კვალის დასამალად, ჯგუფმა მარშალის კუნძულებზე დაარეგისტრირა 2 კომპანია, რომლებიც სენტ-კიტსისა და ნევისის ტრასტთან იყვნენ დაკავშირებული. ფულის გათეთრებაში ჩართული პირები თანხებს სამ შვეიცარიულ ბანკში, ჰალუშჩენკოს ოჯახის ანგარიშებზე რიცხავდნენ. კოორდინაციას მინისტრის მრჩეველი იგორ მირონიუკი კურირებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მინისტრის ოჯახის კონტროლის ქვეშ მყოფ ანგარიშებზე პირდაპირ $7.4 მილიონ დოლარზე მეტი დაირიცხა. ციფრული ტრანზაქციების გარდა, ოჯახმა ნაღდი ფულის სახით დაახლოებით 1.3 მილიონი შვეიცარული ფრანკი და 2.4 მილიონი ევრო მიიღო. ეს კოლოსალური თანხები შვეიცარიის პრესტიჟულ სასწავლებლებში შვილების განათლებასა და მაღალპროცენტიანი დეპოზიტების შექმნას ხმარდებოდა.

ექსმინისტრს, რომლის საქმეშიც 15 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება იყო ჩართული, ახლა 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავად ჰალუშჩენკო წარდგენილ ბრალს კატეგორიულად უარყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები