მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჩაითვლება მეწარმის მიერ პოლიტიკურ საქმიანობად? - "ოცნებამ" კანონი დაარეგისტრირა

პარლამენტი

გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია და განსახილველად იურიდიულ კომიტეტებს გადაეცა. ცვლილებების ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.

საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი — 153¹³, რომელიც მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკურ აქტივობას არეგულირებს.

კანონპროექტის მიხედვით, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და გამოიწვევს 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმას. იმ შემთხვევაში, თუ უკვე დაჯარიმებული მეწარმე იგივე ქმედებას განმეორებით ჩაიდენს, სანქცია 40 000 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტით მეწარმეებისთვის აღნიშნული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება.

კანონპროექტში ასევე განმარტებულია, რა მიიჩნევა მეწარმის პოლიტიკურ აქტივობად. დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკურ აქტივობად ითვლება "საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ".

ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მიზანია პოლიტიკური პროცესებისგან მეწარმე სუბიექტების გამიჯვნა და საჯარო სივრცეში ბიზნესის პოლიტიკური გავლენის შეზღუდვა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. პროექტის მომხსენებლებად არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი არიან.

განმარტებით ბარათში ავტორები მიუთითებენ, რომ 2025 წელს მიღებული კანონმდებლობის მიუხედავად, უცხოური დაფინანსების ნაწილი კვლავ გაუმჭვირვალედ რჩება. „ქართული ოცნების“ შეფასებით, არსებობს რისკი, რომ მსგავსი ფინანსური რესურსები „საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ იქნეს გამოყენებული, რის გამოც, მათი თქმით, რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები