ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო გაძვირებული საწვავის და ასევე, ქვეყანაში გაზრდილი ელექტროენერგიის ფასის ფონზე, მეფრინველეები კვერცხზე ფასის შენარჩუნებას ახერხებენ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარემ და კვერცხის მწარმოებელი კომპანია "კუმისის" თანადამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა. მეტიც, მისი თქმით, კვერცხი აპრილში მცირედით გაიაფდა კიდეც და ჯერჯერობით, გაძვირებას არც მაისში ელოდებიან. „წერტილთან“ ინტერვიუში ზურაბ უჩუმბეგაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რაც ზოგადად, კვერცხის ღირებულებაზე მოქმედებს და ასევე, აღნიშნა, რომ აპრილის ბოლოსთვის, მეფრინველეობის სექტორი „ფასების კომისიის“ „ვერდიქტს“ ელოდება. მწარმოებლების კითხვა უცვლელია - გათავისუფლდება თუ არა ქათმის ხორცი და კვერცხი დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
- თებერვალში, როცა „წერტილის“ სტუმარი იყავით, იანვარში 5.5%-ით გაძვირებული კვერცხის ფასის 5%-იანი კლება ერთი არგუმენტით ახსენით – დავინახეთ მთავრობის სერიოზული მონდომება, რომ დარგს მიეხმაროსო. სამი თვე გავიდა მას შემდეგ. მაინტერესებს, გარდა მონდომებისა, თუ დაინახეთ კონკრეტული ნაბიჯები? მაგალითად, ამ პერიოდში იყო თუ არა მსჯელობა სექტორის „მარადმწვანე“ მოთხოვნაზე: „თუ მწყრის, იხვის, ინდაურის კვერცხი არ იბეგრება დღგ-ით, ქათმის კვერცხმა რა დააშავა?“
- ჯერჯერობით, [სიახლე] არაფერია, ვინაიდან თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ „ფასების კომისიის“ მუშაობა აპრილის ბოლოს დამთავრდებოდა და შედეგებიც მაშინ გამოცხადდებოდა. ასე რომ, ინფორმაცია არა მხოლოდ არ მიგვიღია, არამედ მას შემდეგ შეხვედრაც აღარ გვქონია; რაც ჩვენი მხრიდან იყო მისაწოდებელი - იქნება ეს ინფორმაცია თუ საბუთები, მივაწოდეთ და ახლა ველოდებით „ვერდიქტს“ - რა იქნება დღგ-სთან, საზღვრის დაცვასთან და ყველა იმ თემასთან მიმართებით, რომლებიც გვაწუხებს. [ფასების კომისიაზე როდესაც ვიყავით], მაშინვე ვთქვით, რომ ყველანაირ ძალისხმევას გავწევდით, რათა ფასს არ შევხებოდით და უცვლელი დაგვეტოვებინა, ვიდრე კომისია მუშაობდა. ამასობაში, გაძვირდა ელექტროენერგია, მნიშვნელოვნად გაძვირდა საწვავი, საკმაოდ დიდი პრობლემებია მარცვლეულთან მიმართებითაც, მაგრამ კვერცხის ფასი არ შეგვიცვლია.
- საქსტატის თანახმად, მარტში, თებერვალთან შედარებით უმნიშვნელო ზრდა იყო... აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მათ შორის არც კვერცხის. მიმდინარე თვეში კვერცხი გაძვირდა?
- არა, აპრილში კვერცხი არ გაძვირებულა... რამდენადაც ვიცი, სადღაც 2 თეთრით არის გაიაფებული ბაზრობებსა და პატარა მარკეტებში. ვერ გეტყვით, ეს ციფრები საიდან მოდის. საქსტატის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, იცით, როგორ არის?! როცა ბაზარზე 50-ზე მეტი მწარმოებელია, შეიძლება ვიღაცამ მოუმატა, ვიღაცამ დააკლო, მაგრამ საერთო მოცემულობით, რაც ჩემთვის დღეს არის ცნობილი და შემიძლია გადავამოწმო კიდევ ერთხელ, პირიქით, აპრილში, აღდგომის შემდეგ, კვერცხის ფასმა დაიწია.
- რის ხარჯზე მოახერხეთ ეს, როცა საწვავი ძვირდება და ასევე, გაძვირდა ელექტროენერგია...
- ტრადიციული მომენტია - კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტია. აღდგომაზე ისეთი მოთხოვნაა და მოსახლეობა იმდენს ყიდულობს, რომ შემდეგ ერთი კვირა, 10 დღე ან ზოგჯერ მეტიც, მოთხოვნა აღარ არის - ბაზარი გაჯერებულია. წითელი კვერცხი ხომ მხოლოდ შესაღებად არ არის, ის მოხმარებისთვისაცაა. დღესასწაულის შემდეგ ხალხს კვერცხი აღარ უნდა და რეალიზაცია კლებულობს; როცა რეალიზაცია იკლებს, ვისაც შენახვის შესაძლებლობა არ აქვს, ის მარტივად მიდის ფასის კლებაზე, რათა კონკურენტთან შედარებით მისი ფასი ნაკლები იყოს და პროდუქტი მალე გაიყიდოს. დიდ ფაბრიკებს, რომლებსაც გვაქვს შესაბამისი მეურნეობა, საწყობი თუ მაცივარი, შეგვიძლია შევინახოთ, მაგრამ პატარა მწარმოებელი, რომელიც დღეში 20-30 კოლოფს აწარმოებს, ამას ვერ იზამს. ამიტომ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან რა ინფორმაციაც მოდის, იმპორტიც გაიზარდა და, შესაბამისად, ფასმა დაიწია...
- მაისიდან რას ელოდოს მომხმარებელი?
- გაყიდვების კუთხით, მაისი ყველაზე სუსტი თვეა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, მაისშიც ფასი შეიცვალოს... ჩვენ გავითვალისწინეთ ახალი წლის გამოცდილებაც, როცა იმპორტი არ შემოვიდა. აი, ამიტომ არის კარგი, რომ სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფა მაღალი იყოს. დეკემბერში, როცა დაგეგმილი იმპორტი არ განხორციელდა, სერიოზული დეფიციტი შეიქმნა. მაშინ დაიწყო საუბრები, რომ თითქოს ჭირი გაჩნდა, ფრინველის გრიპი და ათასი რამ - მიზეზს ვეძებდით, სად გაქრა კვერცხი. სინამდვილეში კი გათვლილი იმპორტი არ შემოვიდა. ახლა, აღდგომაზე, ჩვენმა მწარმოებლებმა მაქსიმალურად გავზარდეთ ადგილობრივი წარმოება. შესაბამისად, ამ ეტაპზე საკმარისი მარაგი გვაქვს. საერთოდ რომ ჩაიკეტოს საზღვარი და იმპორტირებული კვერცხი აღარ შემოვიდეს, მაისსა და ივნისში დეფიციტი მაინც არ გვექნება... ვნახოთ, მაისში გამოქვეყნდება ის, რასაც დიდი ხანია ველოდებით და, შესაბამისად, იქიდან უკვე დასკვნების გაკეთებაც იქნება შესაძლებელი.
- გულისხმობთ „ფასების კომისიის“ დასკვნას... რა მოლოდინები გაქვთ? მახსოვს, კომისიის სხდომაზე, როდესაც სექტორს უსმენდნენ, დღგ-ისგან გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეთ, მაგრამ „ოცნების“ დეპუტატებმა გაგაჩერეს - ვიცით ეგ თემაო - იმ რეპლიკების გათვალისწინებით, გაქვთ პოზიტიური მოლოდინი?
- სწორედ ის იყო პოზიტიური, რომ გაგვაჩერეს ანუ იცოდნენ, შესწავლილი ჰქონდათ და არ შეგვეწინააღმდეგნენ; რომ გავეჩერებინეთ და ეთქვათ, მართლები არ ვართ და კვერცხი აუცილებლად უნდა იბეგრებოდესო, მაშინ არანაირ მოლოდინზე საუბარი არ იქნებოდა, მაგრამ რახან გვითხრეს „ვიცითო“ და მერე წამოვიდა ახსნა, რომ დღგ-დან შესული თანხები ხმარდება სკოლებს, ბაღებს და ა.შ, რეალურად ეს ასე გავიგეთ: კი, მართლები ხართ, მაგრამ რა ვქნათ, ბიუჯეტი რით შევავსოთო. აქედან გამომდინარე, მოდით, სიტყვები განვასხვაოთ: მოლოდინი არის მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ მხარე ხვდება პრობლემას და ცდილობს ხელი გამოგიწოდოს. აქ უფრო ოპტიმისტური განწყობაა. რეალურად, თუ დღგ-ს მოგვიხსნიან, ბიუჯეტს თანხა დააკლდება - ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ადამიანს არ აქვს იმდენი ფული, რომ კვერცხში დაზოგილი თანხა ბანკში შეიტანოს და შეინახოს. ის ამ დაზოგილ ფულს ისევ სხვა პროდუქტის (ხორცის, რძის ნაწარმის) ყიდვაში დახარჯავს. ანუ ის ფული მაინც შევა ბიუჯეტში სხვა კუთხით. ხალხს დღეს ისეთი გასაჭირი აქვს, რომ თუ ერთი პროდუქტი გაიაფდება, იმ ფულით ან უფრო მეტ კვერცხს იყიდის ან სხვა საკვებს. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტი მაინც შეივსება.
- ვნახოთ, როგრი იქნება „ფასების კომისიის“ „ვერდიქტი“... ალბათ კარგი იქნებოდა ამ სამი თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს მეფრინველეობის დარგთან ჰქონოდა კომუნიკაცია, თქვენი გათვლები მოესმინა...
- შეიძლება, შიდა კომუნიკაცია არის ისეთი, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაყენებენ საქმის კურსში - ესეც არ არის გამორიცხული. თუ ჩვენ მიმართ მართლაც დადებითი განწყობაა, შეიძლება თავად აწარმოებს „ფასების კომისია“ ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციებს. შესაძლოა, საუბარი იყოს არა მთლიანად გაუქმებაზე, არამედ დიფერენცირებაზე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია ანუ კვერცხზე დღგ იყო არა - 18%, არამედ 8, 9 ან 6%.




























