„17 წელიწადია, ვსვამთ ერთ მარტივ კითხვას - თუ კვერცხი მწყრის, კვერცხი იხვის, კვერცხი ინდაურის არ იბეგრება, ქათმის კვერცხმა რა დააშავა?!" - აცხადებს კომპანია „კუმისის“ თანადამფუძნებელი და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
საქმე ის არის, რომ მხოლოდ ქათმის ხორცი და კვერცხი იბეგრება 18%-იანი დღგ-ით ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტებიდან - დანარჩენი ყველაფერი გათავისუფლებულია, ამიტომ 10 წელზე მეტია, კვერცხის და ქათმის ხორცის მწარმოებლების მთავრობას დღგ-ისგან გათავისუფლებას სთხოვენ, მაგრამ - უშედეგოდ.
"ხან ხუმრობით ვთქვით, ხან სერიოზულად, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, ისევე, როგორც ქათმის ხორცზე. ჩვენ იმაზეც თანახმა ვიყავით, რომ თუ მთლიანად არ გაათავისუფლებდნენ დღგ-ის გადახდისგან, ხომ არ მიგვეახლოვებინა ევროპის და სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან, სადაც სურსათზე არა სტანდარტული დღგ არის დაწესებული [დღგ-ის გადასახადი დიფერენცირებული მოდელი]", - თქვა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში.
კვერცხის და ქათმის ხორცის დღგ-ისგან გათავისუფლების თემა, ამჯერად, აქტუალური მთავრობის მიერ სურსათის ფასების რეგულირების მიზნით დაწყებული კამპანიის გამო გახდა. გათავისუფლდეს კვერცხი და ქათმის ხორცი დღგ-ისგან გადახდისგან - მეფრინველეობის ბიზნესის წარმომადგენლებმა ეს საკითხი დღესაც დააყენეს პარლამენტში, „ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის“ პირველ სხდომაზე, სადაც ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს მოუსმინეს.
„პარლამენტში თუ მოხდება, საბოლოო ჯამში, დღგ-ის საკითხის გარკვევა“, – თქვა კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ.
„დღგ-ზე მოგისმინეთ და აღარ გვინდა“, - ამ რეპლიკით შემოიფარგლა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, „ოცნების“ დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი.
ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი შეეცადა კვერცხის მწარმოებლებისთვის აეხსნა, რატომ მიიღებს ხელისუფლება დღგ-ის შემცირების გადაწყვეტილებას „მარტივად“.
„დღგ არის გადასახადი, რომლითაც შემდეგ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები... ეს არ არის ისეთი გადასახადი, რომელზედაც ასე მარტივად შეგვიძლია როგორც სახელმწიფომ [შემცირებაზე გადაწყვეტილება მივიღოთ], რადგან ამით ფინანსდება ყველა ძირითადი ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის... ეს არ არის ისეთი გადასახადი, რომელიც სადღაც რჩება, სადღაც არის დარეზერვებული. ეს არის გადასახადი, რომელიც ისევ მოქალაქეებთან მიდის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.




























