საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 245 ათასზე მეტ კანონდამრღვევ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე დაწესებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გააჟღერა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით კოვიდ-რეგულაციების დარღვევას მისცა მოტივაცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს აღნიშნულ ამნისტიის აქტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა:
„რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოხვედით ინიციატივით, რომელიც ეხება პანდემიის პერიოდში დაჯარიმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.
მაინტერესებს, რა დაგიშავათ ჩვენმა პატიოსანმა, კეთილსინდისიერმა და კანონმორჩილმა თანამოქალაქეებმა, რომლებმაც დაჯარიმების შემდეგ, შესაძლოა, თანხა ისესხეს და გადაიხადეს? რატომ ისჯება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება?!“, - მიმართა უდუმაშვილმა ღარიბაშვილს.