ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ირინე ჯავახაძის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტო პერმანენტულად ახდენს სამედიცინო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობას და დარღვევის შემთხვევაში დაწესებულებებს ფინანსური ჯარიმებიც განესაზღვრება. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.
"74 ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება არის შემოწმებული, პირველი და მეორე ჯგუფის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების დანიშვნების შესაბამისი ფორმის ელექტრონული რეცეპტის სავალდებულო გამოწერის საკითხებთან დაკავშირებით, 121 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, შემოწმების შედეგად რეცეპტის გამოწერის გარეშე გაცემული დანიშნულების ფაქტი 69 დაწესებულებაში გამოვლინდა და გატარდა შესაბამისის ღონისძიებები", - განმარტა მან.
უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, შშმ პირის სტატუსის მინიჭების მართლზომიერების საკითხის შესწავლა 33 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა.
"შშმ პირის სტატუსის მინიჭების მართლზომიერების საკითხის შესწავლა 33 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა, სააგენტოს მიერ 75 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს სახელმწიფო რევიზიის კონტროლი, რევიზიის კონტროლი დასრულდა 52 შემთხვევაში, ხოლო 23 შემთხვევაში მიმდინარეობს და დასრულება უახლოეს მომავალში.
შემოწმების დროს ვლინდება ისეთი ტიპის დარღვევებიც, როგორიცაა - სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან დადგენილზე მეტი თანხის მოთხოვნა ან თანხის მოთხოვნა იმ მომსახურებისათვის, რომელიც არ მიწოდებია პაციენტს, ასევე ვლინდება, რომ პაციენტს თანხას ახდევინებენ ისეთ მომსახურებაში, რომელიც სრულად იფარება პროგრამით, ხშირად ვლინდება სამედიცინო დოკუმენტაციის და სხვადასხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევები და სხვა", - განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ცნობისთვის: კლინიკებისთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში. 2022 წლის ნოემბერში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დამტკიცდა, რომლის თანახმადაც რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაეკმაყოფილებინათ. სტანდარტი რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაბამის პირობებს აწესებს, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ აქვს. ძალაში შედის ქირურგიის სტანდარტებიც.