მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროში რეანიმაციული/ქირურგიული მომსახურების ნებართვის მოთხოვნით 158 განაცხადი შევიდა

რეანიმაცია

კლინიკებისთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში. 2022 წლის ნოემბერში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დამტკიცდა, რომლის თანახმადაც რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილონ.

სტანდარტი რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაბამის პირობებს აწესებს, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ აქვს. ძალაში შედის ქირურგიის სტანდარტებიც.

ქირურგიული და რეანიმაციული სტანდარტების დანერგვის შესახებ დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე დეპუტატებს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირინე ჯავახაძემ გააცნო. მისი თქმით, ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

“ნებართვის დანართების გაცემისთვის დაწესებულებებში მოწმდება ინფრასტრუქტურა, სასტერილიზაციო დეზინფექცია, ნარჩენების მართვა, ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი, სავენტილაციო სისტემის გამართულობა, სანიტარია და ჰიგიენა, სამედიცინო აირების წარმოქმნილი დანადგარები და რეზერვუარების უსაფრთხოება, საოპერაციო დარბაზები, პალატები, პაციენტის მოვლის სივრცეები, რეანიმაციული დარბაზები, სამედიცინო აპარატურა, დასაქმებულ ექიმები და მათი გამოცდილება და სხვა აუცილებელი პირობები", - განმარტა მან.

ამასთან, ირინე ჯავახაძემ სააგენტოში შესულ ნებართვის მოთხოვნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯამში 158 დაწესებულების განაცხადია შესული.

"სააგენტოში რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების ნებართვის მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 158 დაწესებულების განაცხადი, მათ შორის 17 დაწესებულება ნებართვის დანართს ითხოვდა მეტაბოლურ და ბარიატრიულ ქირურგიაზე, დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 102 სტაციონარული დაწესებულება, გაცემულია 65 ნებართვის დანართი რეანიმაციულ მომსახურებაზე, 64 ნებართვის დანართი ქირურგიულ მომსახურებაზე და 8 ნებართვის დანართი მეტაბოლურ-ბარიატრიულ ქირურგიაზე", - დასძინა მან.

ინფორმაციისთვის: რეანიმაციული და ქირურგიული სტანდარტები, შემოწმებული კლინიკების 20%-მა ვერ დააკმაყოფილა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები