მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეანიმაციული და ქირურგიული სტანდარტები, შემოწმებული კლინიკების 20%-მა ვერ დააკმაყოფილა - მინისტრი

რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი არარელევანტური იყო - აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეანიმაციული და ქირურგიული სტანდარტები, რომელიც კლინიკებს პირველი სექტემბრიდან უნდა დაეკმაყოფილებინათ, შემოწმებული ობიექტების 20%-მა ვერ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ კლინიკებს რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების ნებართვა ჩამოერთვათ, თუმცა ეს საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„რეანიმაციული და ქირურგიულ სტანდარტებს ამ ეტაპისთვის შემოწმებული კლინიკების 20% ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ამ კლინიკებს ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. მათ იმ საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. ვფიქრობ, საერთო ჯამში ნორმალური სურათია, რომ რომელიმე რეგიონსა და ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგვექმნა. ეს მოწესრიგების პირველი ეტაპია, იმიტომ რომ მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა საერთაშორისო სტანდარტები სრულად უნდა დააკმაყოფილონ“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: კლინიკებისთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში. 2022 წლის ნოემბერში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დამტკიცდა, რომლის თანახმადაც რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაეკმაყოფილებინათ. სტანდარტი რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაბამის პირობებს აწესებს, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ აქვს. ძალაში შედის ქირურგიის სტანდარტებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები