მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა დატვირთვით მუშაობს ლიკანში ახალგახსნილი საოჯახო სასტუმრო OR-Ni?

orni

კურორტ ლიკანში მდებარე ტურისტული ობიექტი OR-Ni ოპერირების პირველ თვეებს აჯამებს. განთავსების ობიექტი, რომელიც 200 000 ლარის ინვესტიციით მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა, სტუმრებს ოჯახურ გარემოს, მთის ხედებსა და კომფორტულ ნომრებს სთავაზობს.

საოჯახო სასტუმრო OR-Ni-ს თანადამფუძნებელი ნინო ორჯონიკიძე BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ იდეა ოჯახური ბიზნესის სურვილიდან გაჩნდა და თავიდანვე იმ კონცეფციით შეიქმნა, რომ სტუმარმა თავი საკუთარ სახლში იგრძნოს.

„სასტუმრო ზაფხულში გავხსენით. ეს ჩემი და ჩემი ძმის ოჯახური ბიზნესია და სწორედ ამიტომ დავარქვით OR-Ni. ერთდროულად ვმასპინძლობთ დაახლოებით 25 ადამიანს, გვაქვს 7 ნომერი და თითოეული მათგანი საკუთარი სველი წერტილითა და აივნით არის აღჭურვილი.

ობიექტში დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რომლის გარკვეული ნაწილი კერძო ინვესტიცია იყო. რადგან ოპერირება ახლახან დავიწყეთ, ამ ეტაპზე მხოლოდ განთავსების სერვისით შემოვიფარგლებით. ფასები საახალწლო პერიოდში ორ ადამიანზე ერთ ღამეში 120 ლარია, ხოლო სამ ადამიანზე - 140 ლარი“, - ამბობს ნინო ორჯონიკიძე.

რაც შეეხება ტურისტების გეოგრაფიას, ნინო ორჯონიკიძის თქმით, მათი სტუმრები ძირითადად კორეიდან და არაბული ქვეყნებიდან იყვნენ, თუმცა ჰყავთ ადგილობრივი ტურისტებიც, რომლებიც ლიკანს დასასვენებლად ირჩევენ.

საოჯახო სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ საახალწლოდ OR-Ni თითქმის სრულად დატვირთულია: „ამ დროისთვის მხოლოდ ორი ნომერია თავისუფალი და ჯავშნები ძირითადად ახალი წლის პერიოდზე გვაქვს. ჩვენი სურვილია, ამ ეტაპზე განსაკუთრებით ქართველ სტუმრებს მოვემსახუროთ და მათ ვუმასპინძლოთ“, - ამბობს ნინო ორჯონიკიძე და დასძენს, რომ მომავალი წლიდან ობიექტი დამატებითი სერვისის დამატებას, კერძოდ სტუმრებისთვის ტურების შეთავაზებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები