გუშინ, 21 დეკემბერს ქუთაისში ნაძვის ხე კონცერტის პარალელურად საპროტესტო აქციის ფონზე აინთო. მომიტინგეებს, 28 ნოემბრის შემდეგ, აქციებზე ძალოვნების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოები ჰქონდათ მიტანილი.
ღონისძიების წამყვანი მაკა შალიკაშვილი იყო, კონცერტზე კი ნინი ქარსელაძე მღეროდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხა არ არის გამოყოფილი არც ერთი მათგანისთვის.
bm.ge შეეცდება ქუთაისის მერიაში გაარკვიოს, რამდენი მიიღეს შალიკაშვილმა და ქარსელაძემ ღონისძიებისთვის. მასალა, პასუხის მიღებისთანავე განახლდება.
თუმცა, გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, ქუთაისში საახალწლო ღონისძიების მუსიკალურად გაფორმებისთვის ნიკა ნიკვაშვილს ბიუჯეტიდან 53 572 ლარს გადაუხდიან.
რაც შეეხება გარე განათებას, ქუთგანათების სერვისისმა ტენდერი ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოაცხადა და 126.254 ლარი გადაიხადა ილუმინაციებსა და ნათურებში. გამარჯვებული შპს დანდია.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს. თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყობა. კონცერტების მოწყობასა და მომღერლების ჰონორარებისთვის ბიუჯეტიდან 528 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ 100-ზე მეტმა მუსიკოსმა უარი განაცხადა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.