მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა რუსეთს უკრაინასთან ომი?

645a8668a7ef1
გიორგი თოლორდავა
09.05.23 21:30
4153
დღეს 9 მაისია, ანუ დღე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობს. ეს რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო დღესასწაულია, როდესაც, ტრადიციულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო აღლუმები და პარადები იმართება ხოლმე.

გამონაკლისი არც წელს ყოფილა, მოსკოვის წითელი მოედანი წელსაც მოცული იყო ყველასათვის კარგად ცნობილი სიმბოლიკით: ვარსკვლავებით, ბანტებითა და ყვავილებით. ერის წინაშე სიტყვით პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გამოვიდა, რომელმაც ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედა რუსეთს მტრები თავს ესხმიან, სამშობლოს დაცვა კი ყოველი პატრიოტის სამოქალაქო ვალია.

მოსკოვში დღეს, რა თქმა უნდა, სამხედრო აღლუმიც გაიმართა, თუმცა შედარებით მოკრძალებული ფორმებით, ძლევამოსილ იმპერიას რომ არ შეეფერება ისეთი მასშტაბებით. ცხადია, რუს სამხედროებს საზეიმოდ ნამდვილად არ აქვთ საქმე, აღლუმზე კი არმია ძირითადად ახალწვეულებითა და ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკით იყო წარმოდგენილი.

აღლუმების ფონზე, ბახმუტში, ფრონტის ხაზზე მწვავე სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 190 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, 300 ათასზე მეტი კი დაიჭრა.

ადამიანური დანაკარგების გარდა, რუსეთის ეკონომიკაც რეცესიას განიცდის, უფრო კონკრეტულად, ოფიციალური უწყების ინფორმაციით, გასულ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა. ტრადიციულად, როსსტატს მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობა დოლარში არ გაუსაჯაროებია, თუმცა ჩვენი გამოთვლები აჩვენებს, რომ ამჟამად რუსეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ 25 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიარდი დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

ეკონომიკის შემცირება მხოლოდ 2022 წლით არ დასრულებულა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 2.2%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით შემცირებული შემოსავლების ფონზე, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი პირველ კვარტალში 29 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსეთის მთავრობამ $29 მილიარდით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ ომის წარმოების ხარჯებს, როსსტატის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციამ შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე დაახლოებით 5 ტრილიონი რუბლი დახარჯა, რაც მონაცემების გასაჯაროების პერიოდში 70 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი იყო.

ამ დეფიციტის შესავსებად რუსეთის მთავრობა არაერთ ზომას მიმართავს, მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესებისთვის მოგების გადასახადის გაზრდაა, რისი საშუალებითაც ეკონომიკის სამინისტრო დამატებით 4 მილიარდი დოლარის ამოღებას გეგმავს.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ ინდიკატორებს, წლიური ინფლაციის დონე რუსეთში ამჟამად 4%-იან ნიშნულზეა, მონეტარული პოლიტიკა კი რუსეთში ისევ უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე რჩება.

ეკონომიკის შემცირების გარდა, რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სტრატეგიული მნიშვნელობის რეზერვებსაც კარგავს. დასავლური სახელმწიფოების მიერ გაყინული რუსული აქტივების საერთო მოცულობა 500 მილიარდ დოლარს აღწევს, აქედან 300 მილიარდი უშუალოდ ცენტრალური ბანკის რეზერვებზე მოდის, 200 მილიარდი დოლარი კი რუსი ოლიგარქების და კრემლთან დაკავშირებული პირების ქონებაა.

რუსეთი აგრეთვე სწრაფი ტემპით კარგავს მსხვილ ინფრასტრუქტურულ აქტივებსაც. Gazprom-მა და Rosneft-მა ევროპის მასშტაბით რამდენიმე მილიარდის ღირებულების ქარხნები, მილსადენები და ენერგეტიკული ობიექტები დაკარგეს. მოგეხსენებათ, რუსული ენერგეტიკული კომპანიების მთავარ უპირატესობას მათი ფიზიკური აქტივები და ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, პუტინის ამ გაუმართლებელ ომს კი სხვა ყველაფერთან ერთად, ესეც შეეწირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები