მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდება ბიზნესს გარემოსდაცვითი ახალი ვალდებულებების შესრულება? - მინისტრის მოადგილე

601912305a621
ნუცა ბაზლიძე
06.02.21 19:30
999
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, საქართველოში მოქმედ 85-მდე საწარმოს ავალდებულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებები აღრიცხოს და დანერგოს თვითმონიტორინგის სისტემები, რაც სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კერძო სექტორი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ ვადაში ანუ 1 ივნისამდე ახალი მოთხოვნებისთვის მოსამზადებლად მზად არ არის და რეგულაციის ამოქმედების 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადებას ითხოვს, მაგრამ მთავრობა უარზეა.  

„სახელმწიფო რიგ საწარმოებს ავალდებულებს ჰქონდეს სათანადო ფილტრები და მონიტორინგის სისტემა. კომპრომისებზე, ამ ეტაპზე, საუბარი არაა“,- აცხადებს თემის კომენტირებისას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გადაცემა "ქალების ნარატივში“.

რაც შეეხება იმას, თუ რა ხარჯების გაწევა მოუწევს ბიზნესს მონიტორინგის სისტემის დასანერგად, ნინო თანდილაშვილი აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია საწარმოს წარმადობასა და საქმიანობაზე.

"ჩვენი ინფორმაციით, საუბარი შეიძლება იყოს 10-15 ათასი ევროს ხარჯზე, იმისთვის, რომ საწარმოს ჰქონდეს თვითმონიტორინგის სისტემა. რეგულაცია შეეხება კონკრეტულ სექტორებს, როგორებიცაა: სამშენებლო მასალების წარმოება, მძიმე მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, ანუ ისეთი მსხვილი მიმართულებები, რომელთა საქმიანობაზეც ვთანხმდებით, რომ გარემოზე ზემოქმედებას იწვევს“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
 
რაც შეეხება ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებს, თანდილაშვილის თქმით, ის საკმაოდ მაღალი იქნება.

"ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციები მაღალია, ვთქვათ, 20 000 ლარი. ეს კი განმეორების შემთხვევაში გაორმაგდება, გასამმაგდება", - დასძინა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები