მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება წელს სატაცური? - "ქსელებში 32 ლარად ვყიდით"

643cef937621b
მარიამ იზორია
17.04.23 22:30
5115
დაახლოებით ერთ თვეში სატაცურის მწარმოებლები მოსავლის აღებას დაიწყებენ. ზუსტი თარიღი კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა მაისის დასაწყისიდან სეზონი უკვე აქტიურდება. ბოსტნეულზე მოთხოვნა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში იზრდება, რასაც მოწმობს ისიც, რომ ადგილობრივი მცირე წარმოება ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, მუდმივად მზარდია იმპორტის მაჩვენებლებიც. მაგალითად, გასულ წელს ქვეყანამ 46 300 დოლარის ღირებულების, 5 ტონამდე სატაცური შეიძინა. საქართველოში ბოსტნეული მცირე მოცულობით საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან შემოვიდა.

მიმდინარე წელს მოსავლის დაახლოებით 50%-ით გაზრდას ვარაუდობენ კოოპერატივ ოზაანში. როგორც კოოპერატივის დამფუძნებელი bm.ge-სთან ამბობს, გასულ წელს დაახლოებით 5 ტონამდე სატაცური აიღეს, რაც მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე გაყიდეს. რაც შეეხება გამოწვევებს, კოოპერატივის ხელმძღვანელის განმარტებით, წარმოების პროცესში სირთულეს ხარჯების ზრდა წარმოადგენს - გაძვირდა, როგორც მუშახელი, ასევე მცენარეთა დაცვის საშუალებები.

40-50%-ით მზარდ მოსავალს ველოდებით. გასულ წელს ცუდი გაზაფხულის გამო, სეზონი გვიან დაიწყო. წელს თბილი გაზაფხულის გამო სიტუაცია უკეთესია. პლანტაციები ახალია, ვერ ვიღებთ იმ მოცულობას, რომ ადგილობრივი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და მერე ექსპორტზეც გავიტანოთ.

რაც შეეხება წარმოების პროცესში მთავარ გამოწვევებს ყველაფერი გაძვირებულია. ფასი მოემატა მცენარეთა დაცვვის საშუალებებსაც” - აღნიშნავს კოოპერატივის დამფუძნებელი.

სატაცურის მწარმოებლები პროდუქტზე მიმდინარე წელსაც მაღალ ფასს ვარაუდობენ. მაგალითად ქართული სატაცურის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 1 კილოგრამი სატაცური ქსელებში დაახლოებით 32 ლარად შეაქვთ. მისივე თქმით, 2022 წელს 5 ტონა პროდუქტი გაყიდეს, მიმდინარე წელს კლიმატური პირობების გამო, შედარებით მცირე მოსავალს ელოდებიან.

“სატაცურს ქსელებში 32 ლარად ვყიდით. გასულ წელს ფასი 30 ლარი იყო და სეზონზე 25 ლარი გახდა. პროდუქტზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ადრე თუ 1-2 ფერმერს ჰქონდა სატაცური გაშენებული, ახლა ამ კულტურაზე უამრავი ფერმერი მუშაობს. კონკურენცია დიდია და ფასიც მოძრაობს” - ამბობს “ქართული სატაცურის” დამფუძნებელი თინა წამალაიძე.

იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით საქართველოში წარმოებული სატაცური რაოდენობის კუთხით ექსპორტის შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა, გასულ 2022 წელს კომპანიების ნაწილმა სატაცური საერთაშორისო ბაზრებზე მაინც გაყიდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნიდან 116 000 დოლარის ღირებულების, 18 ტონამდე სატაცური გავიდა. მსგავსად სხვა პროდუქტებისა, სატაცურის შემთხვევაში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. Გასულ წელს რუსეთში ქვეყანამ 10 ტონამდე სატაცურის რეალიზაციით 57 000 დოლარის შემოსავალი მიიღო. რუსეთის შემდგომ, ყველაზე დიდი მოცულობის სატაცური, კერძოდ, 5 ტონა, 33 000 დოლარის ღირებულების პროდუქტი საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები