"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ ანდრეი ბაბიშს გამარჯვებას ულოცავს და პარტნიორობის განახლების იმედს გამოთქვამს.
“საქართველო მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას და ჩვენს ერებს შორის არსებული კავშირების მეტად გაღრმავებას”, - წერს კობახიძე X-ზე.
მილიარდერი ბიზნესმენი ანდრეი ბაბიში 2017-2021 წლებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი იყო და დღესაც სურს ეს თანამდებობა დაიკავოს, თუმცა მისმა პარტიამ ANO-მ ვერ შეძლო მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი მანდატების მოპოვება. ამიტომ ბაბიშს კოალიციური მთავრობის ფორმირება მოუწევს.
ჩეხეთის მოქმედი ხელისუფლება "ქართული ოცნებას" ხშირად აკრიტიკებს. 30 სექტემბერს ქვეყნის მთავრობამ საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის მიმართვის საფუძველზე, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სამ მოსამართლესა და პროკურორს. ჩეხეთმა სანქციები მანამდეც 2025 წლის იანვარშიც დაუწესა ქართველ სამართალდამცავებს, რომლებიც "პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებზე". ჩეხეთი ასევე არის იმ ქვეყნების რიცხვში, რომელსაც საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო აქვთ გაუქმებული.
რაც შეეხება ჩეხეთთან ეკონომიკურ კავშირებს, 2025 წლის 8 თვეში სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 137.5 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან 14.3 მლნ დოლარი ექსპორტი იყო, იმპორტი - 123 მლნ დოლარი. წლიურ ჭრილში, შარშან ჩეხეთში ექსპორტი 17%-ით 26.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტი 2024 წელს 4%-ით 211 მლნ დოლარამდე შემცირდა.
საქართველო ჩეხეთიდან ფულად გზავნილებსაც იღებს. წელს 8 თვეში ჩეხეთიდან 5.6 მლნ დოლარი გადმოირიცხა. 2024 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა 8.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
ბოლო წლებში ჩეხეთიდან ფულადი გზავნილები:
- 2025 წელი (8 თვე) - 5.6 მლნ დოლარი;
- 2024 წელი - 8.2 მლნ დოლარი;
- 2023 წელი - 7.6 მლნ დოლარი;
- 2022 წელი - 6.5 მლნ დოლარი;
- 2021 წელი - 5.9 მლნ დოლარი.
რაც შეეხება ინვესტიციებს, ჩეხეთის რესპუბლიკიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია 2022 წელს შემოვიდა თითქმის 85 მლნ დოლარი, 2023-2024 წლებში კი ინვესტიციების მაჩვენებელი დაახლოებით 14.7 მლნ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" ჩეხურია, რომელიც ყოველ წელს სემეკთან შეთანხმებით სხვადასხვა სახის ინვესტიციას ახორციელებს, რაც თავის მხრივ აისახება ჩეხეთიდან შემოსულ ინვესტიციებში.
ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველო ტურისტებსაც იღებს. წელს ორი კვარტალის მონაცემებით, 19%-ით 6 ათასამდე გაიზარდა ჩეხეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა.




























