მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ელის რუსეთის ეკონომიკას ომის დასრულების შემდეგ?

პუტინი

საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, რუსეთის ეკონომიკა უმძიმესი სტრუქტურული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება: ქვეყანას ექნება ფული, თუმცა მკვეთრად დეფიციტური იქნება საქონელი, დასუსტებული იქნება ადგილობრივი წარმოება და ბაზარზე მუშახელის კრიტიკული დეფიციტი დაფიქსირდება.

ექსპერტები რუსეთის ამჟამინდელ ეკონომიკურ მოდელს „პირამიდულ სქემას“ ადარებენ, რომელიც სტაბილურობას მხოლოდ მანამ ინარჩუნებს, სანამ ომი გრძელდება და სამხედრო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყვეტად გაიცემა, რაც მთლიან შიდა პროდუქტს ინდუსტრიული კომპლექსის ხარჯზე ზრდის და სამუშაო ადგილებს ხელოვნურად ქმნის.

ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ ხელოვნურად სტიმულირებულმა ეკონომიკამ, რომელიც სრულად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზეა ორიენტირებული, კერძო სექტორი საჭირო რესურსების და ინვესტიციების გარეშე დატოვა.

როგორც კი ფრონტზე დაფინანსება შემცირდება, რუსეთი აღმოჩნდება რეალობაში, სადაც მოსახლეობას ექნება გარკვეული დანაზოგი, თუმცა იზოლირებული შიდა ბაზარი ვერ შეძლებს საჭირო პროდუქციის წარმოებას, რაც ინფლაციის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. თავად ადგილობრივი წარმოება იმიტომ შემცირდება, რომ კერძო სექტორში ინვესტიციები აღარ იდება, ქარხნების უმეტესობა სამხედრო წარმოებაზეა გადაწყობილი და თან ქვეყანას საჭირო მასალებისა და კომპონენტების იმპორტიც შეზღუდული აქვს. ასეთ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალი იმპორტია, თავად რუსეთის სამხედრო ეკონომიკა კი იმპორტზე არ არის ადაპტირებული.

გარდა ამისა, დემოგრაფიული კრიზისი, შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება და ფრონტის ხაზზე 1.5 მილიონ ჯარისკაცამდე დანაკარგი ქვეყნის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვინ შექმნის ეკონომიკას, ვინ გადაიხდის გაზრდილ გადასახადებს და ვინ დაფარავს სოციალურ პროგრამებს, თუ ქვეყანაში ახალგაზრდების რაოდენობა საკმარისი არ იქნება?

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა „სამხედრო კეინზიანელობის“ მახეშია გაბმული, სადაც ზრდა მხოლოდ შეიარაღების წარმოებაზეა დამოკიდებული. მშვიდობის დადგომა ამ მოდელისთვის სისტემურ კოლაფსს ნიშნავს, რადგან სამხედრო ქარხნების სამოქალაქო რელსებზე გადაყვანა დიდ დროსა და დასავლურ ტექნოლოგიებს მოითხოვს, რაც სანქციების პირობებში მიუწვდომელია.

შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკური სტაბილურობის ილუზია მხოლოდ საომარი მოქმედებების გაგრძელებით და სამხედრო ხარჯებით ნარჩუნდება, რაც ქვეყნის მომავალს კიდევ უფრო დიდ საფრთხეში აგდებს, რადგან ყოველი დღე, რომელსაც რუსეთი ომში ატარებს, ბიუჯეტის დეფიციტის და სამთავრობო ვალის მოცულობას ზრდის, ამ ვალის გადახდას კი ვლადიმირ პუტინი თავისი პირადი ანგარიშიდან ნამდვილად არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები