გლობალური ეკონომიკა მოსახლეობის დაბერების სწრაფი ტენდენციისა და საპენსიო ფონდების რესურსების ამოწურვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარება და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში 65 წელს გადაცილებულ პირთა რაოდენობა შრომისუნარიანი მოსახლეობის ზრდის ტემპს საგრძნობლად აჭარბებს. აღნიშნული მოცემულობა ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მოდელებისთვის დიდ ფინანსურ გამოწვევას ქმნის, რადგან საპენსიო სისტემა ასეთი რეალობისთვის არ შექმნილა და ის გამართულად მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, როცა შრომისუნარიანი ახალგაზრდების რაოდენობა პენსიონერების რიცხვს აჭარბებს.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშების მიხედვით, მომდევნო ათწლეულებში სოციალური დაცვის სისტემებზე დაწოლა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს და ზოგიერთ ქვეყანაში პენსიების გაცემა მათემატიკურად შეუძლებელი გახდება. ამის პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტებში სოციალური ვალდებულებების დასაფინანსებლად საჭირო დეფიციტი ყოველწლიურად იზრდება, რომელსაც მთავრობები დამატებითი ვალის აღების გზით ფარავენ. მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური ვალდებულებების გასასტუმრებლად სახელმწიფოებს დამატებითი ვალის აღება უწევთ, ამ ვალის გასტუმრება კი იმ ახალგაზრდებს და ახალშობილებს მოუწევთ, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად ისედაც მცირდება.
მოსახლეობის დაბერების პარალელურად, გლობალურ ბაზარზე შობადობის მკვეთრი შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. მაღალი ინფლაცია და საცხოვრებელი პირობების გაძვირება ახალგაზრდა თაობის ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე პირდაპირ აისახება. სამუშაო ბაზარზე არსებული კონკურენცია და გაზრდილი დატვირთვა ოჯახის დაგეგმვის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ამიტომაც, ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში შობადობის კოეფიციენტი პოპულაციის სტაბილური აღწარმოებისთვის საჭირო მინიმალურ ზღვარსაც ჩამოსცდა. მაგალითად, იაპონია და სამხრეთ კორეა უკვე კრიტიკულ ზონაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.
აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ინფლაცია სამომხმარებლო კალათის ღირებულებასა და ბავშვის აღზრდის ხარჯებს მუდმივად ზრდის. ამიტომაც, ახალგაზრდა პროფესიონალები, დაოჯახების ნაცვლად, კარიერულ წინსვლასა და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას ანიჭებენ უპირატესობას. ამასთან, ურბანიზაცია და ცხოვრების თანამედროვე სტილი დემოგრაფიულ სტრუქტურას ფუნდამენტურად ცვლის. ასევე იცვლება კულტურა და სოციალური წარმოდგენები, თუ რამდენიმე ათწლეულის წინ, წარმატების მთავარი საზომი პარამეტრი ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა იყო, დღეს უკვე წარმატება მატერიალურ შესაძლებლობებთან, აკადემიურ და კარიერულ მიღწევებთან ასოცირდება. გაზრდილი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური წნეხის ფონზე, შობადობა იკლებს, რაც მოსახლეობას აბერებს და სამომავლო პროგნოზებს დრამატულად ცვლის.
ცხადია, შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობრივი კლება საპენსიო შენატანების მოცულობას პირდაპირ ამცირებს. თუ ქვეყნის ეკონომიკაში არ იქნება საჭირო რაოდენობის ახალგაზრდების მოცულობა, მათი აქტივობა და კონტრიბუცია – ეს სახელმწიფო გადასახადებს იმდენად შეამცირებს, რომ პენსიონერების გაზრდილი რაოდენობის შენახვა უბრალოდ შეუძლებელი იქნება.
პრობლემას ისიც ქმნის, რომ მსოფლიოს მასშტაბით არსებული საპენსიო მოდელები მსგავსი მასშტაბის დემოგრაფიული ცვლილებებისათვის თავდაპირველად გათვლილი არ ყოფილა. ტრადიციული „თაობათა სოლიდარობის“ პრინციპი მომუშავე პირთა და პენსიონერთა რაოდენობრივ ბალანსზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მეოცე საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბებული სისტემების უმეტესობა მოსახლეობის პირამიდულ სტრუქტურას ეფუძნებოდა. დღეისათვის მომუშავე პირების რაოდენობა პენსიონერებთან მიმართებით კრიტიკულად მცირდება. ექსპერტების გათვლებით, რამდენიმე წელიწადში სოციალური პირამიდა ამოყირავდება და მოხუცების რაოდენობა ახალგაზრდების რაოდენობას გადააჭარბებს, რაც ფინანსურ მოდელს თავდაყირა დააყენებს.
აღნიშნული პრობლემა უკვე აქტუალურია, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ემანუელ მაკრონის მთავრობას საპენსიო ასაკის გაზრდა მოუწია, რაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ გაპროტესტებული საკითხი იყო. საპენსიო ასაკის კორექტირებასთან ერთად, არსებობს მეორე გზაც, რაც გადასახადების ზრდას უკავშირდება, თუმცა გრძელვადიანად ეს ყველაზე საზიანო მეთოდია, რადგან დამატებითი გადასახადი ეკონომიკურად ისედაც შევიწროებულ ახალგაზრდებს უფრო მეტად უბიძგებს იმისაკენ, რომ დაოჯახებასა და შვილების გაჩენაზე სამუდამოდ თქვან უარი.
მორიგ ალტერნატივად კერძო დაგროვებითი სქემების პოპულარიზაცია განიხილება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე ტვირთს ამცირებს და საპენსიო დანაზოგებს საფონდო ბირჟას უკავშირებს, თუმცა ამ მიდგომასაც აქვს რამდენიმე პრობლემა, მაგალითად, საფონდო ბირჟას მერყეობა ახასიათებს; საინვესტიციო ინსტრუმენტების უმეტესობა ამერიკაშია კონცენტრირებული, რაც ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას იწვევს და რაც მთავარია, თუ ქვეყანა არც საპენსიო დანაზოგებს გამოიყენებს ადგილობრივი, გრძელვადიანი პროექტების დასაფინანსებლად და არც ახალგაზრდებს მისცემს გამრავლების სტიმულს, მაშინ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა მისთვის საერთოდ შეუძლებელი გახდება.
მორიგი საკითხი AI-ს უკავშირდება, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა შრომის ნაყოფიერების გაზრდას, გარკვეულწილად, ხელს უწყობს. თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესი შრომის ბაზრიდან ადამიანური რესურსის ნაწილობრივ ჩანაცვლებასაც იწვევს, ანუ უმუშევრობის ზრდას. მართალია, AI-ს პლანეტისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია, თუმცა ეს სარგებელიც, საფონდო ბირჟისა და სილიკონის ველის წყალობით, ისევ ამერიკის ეკონომიკისკენ იქნება მიმართულ, შესაბამისად, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც არც AI-ს ავითარებენ, არც ახალგაზრდებს უწყობენ ხელს, არც გადასახადებს ამცირებენ და არც ეკონომიკური პროგრესით ცდილობენ შობადობის პრობლემის მოგვარებას, მალე უფრო დიდი პრობლემის – უფუნქციო საპენსიო სისტემის და მილიონობით უკმაყოფილო ხანდაზმული ამომრჩევლის წინაშე აღმოჩნდებიან.




























