2026 წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე 25 მილიონის დახარჯვა იგეგმება, როგორც ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის.
პროექტზე, რომელსაც მნიშვნელობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს და სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს ადარებენ, ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს. ჩვენს მიერ ნახსენები ორი მასშტაბური პროექტისგან განსხვავებით, რამაც საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გაზარდა, წყალქვეშა გადამცემი ხაზი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გვაქვს ევროკავშირში დენი ჩვენც გაყიდოთ. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენი გენერაციის 70%-ზე მეტი ჰესებზე მოდის, რაც თანხვედრაშია ევროკავშირის პოლიტიკასთან, რომელსაც წიაღისეულ ენერგიაზე უარის თქმა სურს.
BMG შეეცადა გაერკვია რა ეტაპზეა წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი, რომელმაც აზერბაიჯანის და საქართველოს გადამცემი სისტემა ევროკავშირის ორ ქვეყანას რუმინეთს და უნგრეთს უნდა დაუკავშიროს. არაერთი მიმართვის მიუხედავად არც სახელმწიფო ელექტროსისტემაში და არც ეკონომიკის სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს.
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვის ფსკერის შესწავლა იგეგმება.
“პროექტის feasibility study დასრულდა. ახლა საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი ცხადდება. ის ერთი მხრივ დაწერს ტექნიკურ დავალებას და ჩაატარებს ბათომეტრიას, ანუ ფსკერის შესწავლას. ეს საკონსულტაციო კომპანია ასევე აიღებს ნებართვებს სხვადასხვა ქვეყანასთან რომ ფსკერი შეისწავლონ. დაახლოებით 2026-2027 წლებში იქნება ეს ბათომეტრია. 2027-2028 წლებში სავარაუდოდ, იქნება დეტალური დიზაინის შექმნა და ნებართვების მიღება. ყველაფერი თუ კარგად წავიდა 2028 წლიდან შეიძლება მშენებლობაც დაიწყოს, რასაც ხუთი წელი დასჭირდება და ალბათ 2032 წელს შესაძლებელი იქნება ეს კაბელი რეალურად ვიხილოთ", - ამბობს აბრამიშვილი.
თუ წყალქვეშა გადამცემი ხაზი მართლაც აშენდა, ეს საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალს ერთიორად ზრდის, რადგან დღეს ქართულ დენს მხოლოდ ერთი ძირითადი ბაზარი თურქეთი აქვს, სადაც ფასი და მოთხოვნა იკლებს, რაც საექსპორტო შემოსავლებს ეტყობა კიდეც. ასე მაგალითად თუ 2024 წელს დენის ექსპორტიდან 49 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, წელს კლება 23 მლნ დოლარამდეა.
ამას გარდა, მთავრობა ათასობით მეგავატის სიმძლავრის პროექტებზე გასცემს თანხმობას და ამ სადგურებს აშენების შემთხვევაში ახალი ბაზარი ესაჭიროება და ეს ბაზარი თუ ევროკავშირი იქნება, როგორც ექსპერტები ამბობენ, შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
“რატომ არის ეს პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ შევძლებთ პირდაპირ, შუამავლების გარეშე, ევროპაში გავყიდოთ ჩვენი მწვანე და განახლებადი ელექტროენერგია და ექსპორტზე გავიტანოთ, სადაც მაღალი მოთხოვნაა და ფასი ბევრად დიდია. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თურქეთის ალტერნატივაა არა მხოლოდ ფასის, არამედ მოთხოვნის ნაწილშიც, რადგან თურქეთში სიმძლავრეებიც საკმაოდ შეზღუდულია და როცა ჩვენ საექსპორტო პოტენციალი, მაშინ მოთხოვნა იქაც დაბალია", - ამბობს აბრამიშვილი.
ევროპამ ენერგორესურსების მიღების წყაროების დივერსიფიკაციაზე ფიქრი უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო და გეგმას ეტაპობრივად მიჰყვება. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებოლობაზეც პირველი სერიოზული ნაბიჯები სწორედ 2022 წელს გადაიდგა, როცა რუმინეთში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელი მსოფლიო ბანკიც არის, რომელსაც ამ დროისთვის 35 მლნ დოლარის სესხი აქვს გამოყოფილი.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის „ბემონის“ ხელმძღვანელი გიორგი მირცხულავაც.
"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული პროდუქცია, ქართული ენერგეტიკა, ქართული მწვანე ენერგეტიკა, იქნება ეს პირველ რიგში ჰიდრო, ქარი, მზის მიმართულება გავიტანოთ ევროპის ბაზარზე და გავხდეთ ევროპული ბაზრისთვის ამ კუთხითაც საინტერესო და საჭირო მოთამაშე. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეველოპერებისთვის, ვინც დღეს მილიონობით დოლარს დებს პროექტებში, უცხოელ ინვესტორებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი პროდუქტი შეიქმნას. იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ენერგეტიკის ექსპორტი შეძლოს ამისთვის გვესაჭიროება ექსპორტის გზა", - აცხადებს მირცხულავა.




























