მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა აბასთუმნის ინფრასტრუქტურული პროექტები - სამინისტროს განმარტება და განახლებული ვადები

აბასთუმანი

დაბა აბასთუმანში მსხვილი ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტები მიმდინარეობს. კურორტზე, სადაც 442 მილიონი ლარის სასტუმროების მშენებლობაა დაანონსებული, კერძო სექტორის წარმომადგენლები ობიექტების გახსნის ვადებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას უკავშირებენ.

BM.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა ამჟამად სამუშაოები და როდის იგეგმება ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხების თანახმად, სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ხოლო გარკვეული პროექტების დასრულება 2027-2028 წლებში იგეგმება.

აბასთუმნის შემოვლითი გზა 2027 წლის ბოლოს დასრულდება

კურორტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს აბასთუმნის შემოვლითი საავტომობილო გზა წარმოადგენს. უწყების წერილის თანახმად, აღნიშნული გზის საგზაო სამუშაოების ჯამური ღირებულება 114 607 138 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს, საიდანაც ამ ეტაპზე ათვისებულია 75 284 675 ლარი.

სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე მონაკვეთზე შემდეგი სამუშაოებია შესრულებული:

"5 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაგებული ასფალტ-ბეტონის საფარის ორივე ფენა, დასრულებულია 3 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მოწყობილია წყალგამტარი მილები, მიწის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, გაყვანილია 368 მ. სიგრძის გვირაბი, რომლის სამუშაოებიც ჯერ სრულად არ განხორციელებულა. აბასთუმნის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის საგზაო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2027 წლის ბოლოს", - აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ წერილში.

აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და როგორც მაშინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე აცხადებდა, პროექტი 2023 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.

70-მდე შენობის რეაბილიტაცია და ახალი პარკი

სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაკვეთით, აბასთუმანში მიმდინარე წლის აპრილიდან ახალი მასშტაბური კონტრაქტის განხორციელება დაიწყო:

"გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ასევე აღნიშნული სტატუსის არ მქონე ჯამში დაახლოებით 70-მდე შენობა-ნაგებობის სარესტავრაციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დამატებით იგეგმება "როშა" პარკის გაგრძელება და ახალი რეკრეაციული გასართობი მრავალფუნქციური პარკის მშენებლობა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 2 წელი".

გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ამჟამად მიმდინარეობს რეკრეაციული ტყე-პარკის სახანძრო უსაფრთხოებისთვის წყალსაცავისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 13 699 800 ლარს შეადგენს.

შიდა გზები და წყალმომარაგების ოპტიმიზაცია

სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაბის შიდა მონაკვეთებზეც იგეგმება. კერძოდ, გაცემულია დავალება ასათიანის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზისა (350 მ) და ასათიანის ქუჩის მიერთებაზე "ცხელი წყლის აბანოების" მიმდებარედ გამავალი გზის (200 მ) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

"აღნიშნული გზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამტკიცების პროცესშია და დღევანდელი მონაცემებით საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 300 000 ლარს დღგ-ის ჩათვლით", - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის II ეტაპს. ამ პროექტის ფარგლებში აბასთუმანში დაგეგმილია ლაბორატორიებისა და სახიფათო ნარჩენების შენობების პროექტირება-მშენებლობა, რომლის ჯამური ღირებულება 10 234 102 ლარია.

კურორტ აბასთუმნის "მწვანე ქალაქად" ქცევის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილმა 2018 წელს გააჟღერა, რასაც გენერალური გეგმის შემუშავება და ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მოჰყვა. სახელმწიფოს მიერ ადგილზე ჯამურად 300 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტებია გაფორმებული.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტების ნაწილი დასრულებულია (მათ შორის, ახლახან დასრულდა 700 ავტომობილზე გათვლილი 12.5-მილიონიანი პარკინგის მშენებლობა, რომელიც თავდაპირველად 2021 წელს უნდა დასრულებულიყო), ცალკეულ მიმართულებებზე ვადების ცვლილება მაინც დაფიქსირდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, კურორტის სრულფასოვან ამოქმედებას ელოდება კერძო სექტორიც - სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კერძო ობიექტების გახსნა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის საბოლოო მოწესრიგებასთან.

BM.GE-ს მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილი მოიცავდა კითხვას უშუალოდ კურორტ აბასთუმნის საბოლოო გახსნის სავარაუდო თარიღის შესახებაც. თუმცა, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ პასუხში აღნიშნულ კითხვაზე კონკრეტული განმარტება წარმოდგენილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები